კიკე სეტიენი გადარჩა. ყოველშემთხვევაში, როგორც მინიმუმ, მისი დღეები „ბარსელონაში“ დათვლილი აღარ იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.

61 წლის სპეციალისტს, წყალი წინა ტურში „სელტასთან“ დაკარგული ქულების (2:2) შემდეგ შეუდგა და როგორც უცხოური მედია გადაჭრით გვიმტკიცებდა, სეტიენს კატალონიელთა დამრიგებლად დიდხანს აღარ დატოვებდნენ. უთანხმოება მომხდარა გასახდელშიც. „ბარსელონას“ ფეხბურთელები მწვრთნელს დაუპირისპირდნენ და მისი ტაქტიკური მონახაზით კმაყოფილები არ დარჩენილან. იმასაც ამბობდნენ, სეტიენისთვის ბოლო შანსი „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირება იქნება და სასურველი შედეგი თუ ვერ დადო უსათუოდ კარისკენ მიუთითებენო.

მოკლედ, ასეა თუ ისე, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებმა კიკე სეტიენს კვლავ ნდობა გამოუცხადეს. უფრო მეტიც – კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ, გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ, ასევე გუნდის მმართველები ხავიერ ბორდასი და ერიკ აბიდალი სეტიენს სახლში ეწვივნენ და ამით გამოხატეს მისდამი პატივისცემა.

ასე რომ კიკე სეტიენს შეუძლია მშვიდად იყოს. უახლოეს ხანებში მას სამსახურის დაკარგვა არ ემუქრება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ