19 წლის გიორგი შაქარაშვილი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ დრომდე უცნობია აღმოჩენილი დაზიანებები ახალგაზრდა სპორტსმენს სიცოცხლეში აქვს მიღებული თუ გარდაცვალების შემდეგ.

“ოჯახისთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, გავიგოთ ზუსტად ბავშვს დაზიანებები აქვს თუ არა მიყენებული სიცოცხლის პერიოდში. თუ სიცოცხლის პერიოდში აქვს დაზიანებები მიყენებული, დღესაც გიდასტურებთ, რომ ძალიან ცუდ ამბავს დავატრიალებთ. უნდა ვიცოდეთ ეს გადაჭრით და კატეგორიულად. თუ ეს ასე არ აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავდივართ უკვე მეორე რეჟიმზე, რომლის დროსაც გვექნება ასევე მკაცრი პოზიცია – გიორგი თვითონ, ნებაყოფლობით ღამის ორ საათზე არაგვში საბანაოდ რომ არ ჩასულა, ეს ვიცით ყველამ, ანუ წინ კონფლიქტური გარემოებები არსებობდა”, – აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

მცხეთაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება – სამართალდამცავებმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს იმყოფებოდა, ასევე დაათვალიერეს შენობა, სადაც „ოქროს მოწმე“ რამდენიმე საათი იმალებოდა.

დღეს გაჟღერდა ვერსია, თუ რის გამო მოხდა ჩხუბი საბედისწერო დაბადების დღეზე.

ერთ-ერთი მოწმის ახლობელი აცხადებს, რომ დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც შაქარაშვილი იმყოფებოდა, დაპირისპირება სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო დაიწყო.

მისი თქმით, ახალგაზრდების უთანხმოება, სავარაუდოდ, სადღეგრძელოში ნათქვამ სიტყვებს მოყვა.

“რაც ვიცი, იმდენად უაზრო მიზეზია, სასაცილოდაც არ მყოფნის. რაღაც სადღეგრძელოს გამო “გამოეკიდნენ” ერთმანეთს სიტყვებზე… გამიზნულად არ მომხდარაო …” – განმარტავს იგი.

მომხდართან დაკავშირებით, თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ