რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ეროვნული ნაკრების ერთი ერთი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ამბავი. ავადსახსენებელი ტრავმის გამო მას ძალიან ბევრი გაუცდა. შემდეგ იყო დაბრუნება და იმედი, რომ მალე აღიდგენდა ჩვეულ ფორმას…

მაგრამ იმ სიმძიმის ტრავმის შემდეგ, რაც 20 წლის ფეხბურთელმა გადაიტანა, ძველ კონდიციებში დაბრუნება ასე იოლი არ არის. ესეც არ იყოს, ყველა “სიკეთესთან” ერთად, კორონავირუსის პანდემიაც დაგვატყდა თავს. ბელგიის ჩემპიონატი, რომელიც შეწყვეტილი იყო, დასრულებულად გამოცხადდა…

თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო და, ჩაკვეტაძისთვის ეს დრო სასარგებლოც იყო ტრავმის ბოლომდე მოსარჩენად. პარალელურად, არ წყდებოდა ლაპარაკი მის სავარაუდო გადასვლაზე იტალიურ “რომაში”. თუმცა ამ ფრონტზე ახალი არაფერია.

რაც ვიცით, ჯერ ეს არის – საწვრთნელი პროცესი ბელგიაში. იქ ახალი სეზონისთვის მზადება იწყება და ჩაკვეტაძეც დღეს გაემგზავრება “გენტის” განკარგულებაში, ჩვენ კი მის მენეჯერ გიორგი გახოკიძეს დავუკავშირდით მეტი ინფორმაციისთვის. გახოკიძემ ეს გვითხრა:

“გიორგი თავს კარგად გრძნობს. ის 15 ივნისს მიემგზავრება ბელგიაში, სადაც “გენტთან” ერთად 17-18 ივნისს ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება. მას ახლა აღარაფერი აწუხებს. რაც შეეხება ტრანსფერს, შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი “გენტში” კიდევ ერთი წელი დარჩება”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ