პოპულარულმა ვებგვერდმა Football-Italia-მ იტალიის სერია A-ს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან. სიმბოლურ ნაკრებში კახა კალაძე მოხვდა. „მილანისა“ და „ჯენოას“ ყოფილი მცველი ისეთ სახელოვან ფეხბურთელებთან ერთად გამოარჩიეს, როგორებიც პაველ ნედვედი, ანდრეი შევჩენკო, დეიან სტანკოვიჩი და ზბიგნევ ბონიეკი არიან.

„საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის „მილანის“ ერთ-ერთი დაუფასებელი მეომარი. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უდავოა, რომ მისი უნივერსალური თვისებები არის ის, რამაც საშუალება მისცა დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე ეთამაშა და „მილანში“ 284 მატჩი ჩაეტარებინა პაოლო მალდინის, ალესანდრო ნესტას, მარკოს კაფუს და იააპ სტამის გვერდით. კალაძის ამ სიაში მოხვედრა ასევე გამართლებულია მისი ტიტულების გამო, რადგან „მილანთან“ ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული, უეფას ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო თასი“, – წერს გამოცემა.

კახა კალაძე „მილანის“ ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა და 284 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. 2010-2012 წლებში კი კიდევ ერთ იტალიურ გუნდში, „ჯენოაში“ ითამაშა წარმატებით, რომლის რიგებში ჩატარებულ 56 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ