მარტი 28, 2024

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსში სეზონის გაგრძელების შესაძლებლობაზე ილაპარაკა

„ჯერ ყველაფერი გაჩერებულია და ლაპარაკი მიდის, გაგრძელდება თუ არა სეზონი. სამწუხარო ისაა, რომ ფეხბურთის თამაში არავის სურს და ცდილობენ, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ და ჩემპიონატი ჩაიშალოს. უკვე ახალ ჩემპიონატზე დაიწყეს ლაპარაკი. სეზონის გაგრძელება მარტო ჩვენ გუნდს სურს,“ – განაცხადა „ტაიმაუტში“ თემურ ქეცბაიამ.

კითხვაზე, რატომ არ სურთ გუნდებს სეზონის გაგრძელება, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა: „აქ გუნდებს ჰგონიათ, რომ ასეთ შემთხვევაში თავიანთ ვალდებულებებს არ შეასრულებენ და ფეხბურთელებს ხელფასებს არ გადაუხდიან. ყველას სხვადასხვა საბაბი გააჩნია. ზოგიერთს გუნდების რაოდენობის გაზრდა სურს, რასაც გასავარდნი გუნდები და პირველი ლიგის ლიდერები ემხრობიან. ამ დროს, არავინ ფიქრობს იმაზე, რაც ყველასათვის კარგი იქნება, ანუ ჩემპიონატის განახლებაზე. არადა, ყველა სხვა ქვეყანაში ცდილობენ, სეზონი დაასრულონ. აქ ყველაფერი კეთდება, რომ ჩემპიონატი ჩაიშალოს“.

სეზონის ჩაშლის შემთხვევაში, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ძალიან დაზარალდება. არსებული შედეგებით, კვიპროსს ჩემპიონთა ლიგაზე „ომონია“, ხოლო ევროპის ლიგაზე – „ანორთოსისი“, „აპოელი“ და „აპოლონი“ წარადგენენ. შესაბამისად, თუ კვიპროსში ჩემპიონატი არ დასრულდება და უეფა 2019 წლის შედეგებით და რეიტინგით იხელმძღვანელებს, მაშინ ამ ქვეყნის წარმომადგენლობა ევროთასებზე რადიკალურად შეიცვლება და „ანორთოსისი“ ევროტურნირების მიღმა დარჩება, რადგან კვიპროსულ კლუბებში მეხუთე რეიტინგი გააჩნია, ხოლო 2019 წელი ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *