ბათუმის ახალი სტადიონი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიხსნება, – ეს “შპს სტადიონის” დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა. არენაზე სამუშაოები მთავრდება. ორივე იარუსზე დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები, ფასადი მოპირკეთებულია, მოწყობილია შიდა ოთახები, სათავსოები, საშხაპე-გასახდელები, განათებისა და გახმოვანების, ასევე შიდასაკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, ხოლო ბალახის საფარი ორი თვის წინ დააგეს. განათება 1500 ლუქსი იქნება, რაც უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს…
“სტადიონზე სკამების მონტაჟი დავასრულეთ. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია, ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწერიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე“, – ინფორმაციას შპს “სტადიონის” ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
შპს “სტადიონის” დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები შეაჯამა და სტადიონის გახსნის ვადაზე ილაპარაკა.
“სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, გაზაფხულზე სრულად დასრულდება. ამის შემდეგ უეფას კომისიის და ამ ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, სატესტო ღონისძიებები გაიმართება, ხოლო არენას უეფას შესაბამისი კატეგორია მიენიჭება”, – ამბობს სურმანიძე.
შპს “სტადიონის” დირექტორმა სატესტო ღონისძიებების შესახებაც ილაპარაკა: “ეს იქნება ჩვეულებრივი საფეხბურთო მატჩი, რომელიც სავარაუდოდ, ბათუმის “დინამოს” მონაწილეობით გაიმართება. უეფას წარმომადგენლები ამ შეხვედრას დაესწრებიან და შეამოწმებენ სტადიონის ფუნქციონალურ მდგომარეობასა და სხვადასხვა სახის სამუშაოების ხარისხს – რამდენად სრულყოფილადაა ის შესრულებული. ჩვენ სწორებას სწორედ უეფას მოთხოვნებზე ვაკეთებთ და სამშენებლო სამუშაოებს მათი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ვახორციელებთ. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ამ სტატუსს მიიღებს”.
სურმანიძის თქმით, სტადიონის მშენებლობას უეფა აკონტროლებდა: “2019 წლის ნოემბერში უეფას წარმომადგენლები ბათუმის სტადიონზე იმყოფებოდნენ, სამუშაოები შეამოწმეს და დადებითად შეაფასეს. ამავე დროს, რეკომენდაციებიც მოგვცეს, რომელსაც ვასრულებთ და დარწმუნებული ვარ, სტადიონს უეფას მეოთხე კატეგორიას მიანიჭებენ. სხვათა შორის, სრულად გავითვალისწინეთ საერთაშორისო მოთხოვნები და საპარკინგე სივრცეები მოვაწყვეთ. ასევე სრული კომფორტი ექნებათ შშმ პირებს”.
სურმანიძემ სტადიონის მშენებლობაზე დახარჯული თანხები დაასახელა: “ხელშეკრუელბა შპს “ანაგთან” გავაფორმეთ და კომპანიამ, დღგ-ს ჩათვლით, 141 მილიონის სამუშაოები უნდა შეასრულოს”.