„საბურთალოს“ ხელმძღვანელები დღეს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ჟურნალისტებს შეხვდნენ. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ  ჟულიუს ბლიკი, ჟეროენ ლუმუ და ჟარდელ როდრიგეს ნაზარე ოფიციალურად წარადგინა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ჟურნალისტების მხრიდან ასეთი დიდი ინტერესი, მადლობა მობრძანებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ფუტზალის ნაკრებს გუშინდელ გამარჯვებას ვულოცავ. განვმეორდები და ვიტყვი, რომ 2020 წელი სპორტისთვის მნიშვნელოვანი წელია.
შარშანდელი წლისგან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ვცდილობთ მსგავსი შეცდომები მომავალში აღარ გავიმეოროთ. ამიტომაც არის, რომ ვაქტიურობთ სატრანსფერო ბაზარზე. ვფიქრობთ, სწორ ნაბიჯებს ვდგამთ, როდესაც წამყვან საფეხბურთო ქვეყნებიდან ვახორციელებთ ტრანსფერებს. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მომავალში კიდევ განვახორციელებთ ტრანსფერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა, გუნდის პოლიტიკა უცვლელი რჩება – „საბურთალოს“ აკადემია უნდა განვითარდეს და პირველ გუნდს უნდა მიაწოდოს ნიჭიერი ფეხბურთელები“.

კახა კაშია: „მოგესალმებით ყველას, მადლობა მობრძანებისთვის. გუნდი მზადების დასკვნით ეტაპზეა გადასული. დღეს, ამხანაგურ მატჩს დუშეთის „არაგვთან“ გამართავს, შემდეგ კი ესპანეთში კიდევ ერთ შეკრებას გაივლის. მინდა წარგიდგინოთ ჩვენი კლუბის ახალწვეულები – ჰოლანდიელი ჟულიუს ბლიკი და ჟეროენ ლუმუ, ასევე პორტუგალიელი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე. სამივე მათგანს კარგი საფეხბურთო კარიერა აქვს და მაღალ დონეზე უთამაშიათ. ყველა ფეხბურთელის ტრანსფერი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მოხდა“.

ჟარდელ როდრიგეს ნაზარე: „მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ ჩავირიცხე. ჩემთვის ახალი გამოწვევაა, მინდა წარმატებული კარიერა მქონდეს. ახალ კლუბში მალე სუპერთასი მელის, კარგი იქნება სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ.
ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროტურნირებზე თამაში არის. მაქვს ევროასპარეზზე თამაშის გამოცდილება. ვეცდები კლუბს წარმატებაში დავეხმარო“.

ჟეროენ ლუმუ: „მადლობა „საბურთალოს“ ხელმძღვანელობას, რომ ამ კლუბში ვიმყოფები. საქართველოში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი. მინდა ახალ კლუბთან ერთად, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ვიცი, რომ „საბურთალო“ 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, შარშან კი თასის მოგება შეძლო.
ჩემი საფეხბურთო მენეჯერი აკა დარბაზში იმყოფება. მან ბევრი კარგი რამ მითხრა ქართულ ფეხბურთსა და „საბურთალოზე“.

ჟულიუს ბლიკი: „საბურთალო“ ახალგაზრდული, თუმცა წარმატებული კლუბია. ვეცდები მოლოდინების გამართლებას. მჯერა, ახალ კლუბთან ერთად ბევრ ქართულ ტიტულს მოვიგებ. ასევე, წარმატებით ვითამაშებთ ევროტურნირებზე“.

– სამივე მათგანს კარგი საფეხბურთო კარიერა აქვთ. რამდენად გვაძლევთ იმის პირობას, რომ თუ ფეხბურთელებმა მომავალში გაამართლეს იმედები, მალე არ დატოვებენ გუნდს?
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
– ჩვენ, მოკლევადიან კონტრაქტებს არ ვაფორმებთ ფეხბურთელებთან. ყველა მათგანმა 1+1 ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.
– როგორც ვიცით, კიდევ ერთი უცხოელის ტრანსფრი იგეგმება…
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
– სხვადასხვა პრესის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთ ჰოლანდიელზე. დიახ, გიდასტურებთ, რომ იურიხ კაროლინა ვარჯიშობს „საბურთალოში“, მაგრამ დარჩება თუ არა კლუბში, მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ახლაც და ზაფხულშიც აქტიურად გავაგრძლებთ მუშაობას კარგ ტრანსფერებზე.
მინდა ჩვენს პარტნიორებს, იმ ადამიანებს მადლობა გადავუხადო, ვინც ტრანსფერების განხორციელებაში გვეხმარება.
– ესპანეთში ამხანაგური მატჩები ვისთანაა დაგეგმილი?
კახა კაშია:
– 4 საკონტროლო მატჩი შედგება. ჩვენი მხრიდან კონტრაქტებს ხელი მოწერილია, გადაგზავნილია და ველოდებით საბოლოო პასუხებს. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია ორი მეტოქის ვინაობა – ავსტრიული „ადმირა“ და ესპანეთის სეგუნდა „ბ“-ს წარმომადგენელი „ალკოიანო“. ასევე, დაგეგმილია მატჩები რუსეთის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ „ზენიტსა“ და „ცსკა“-სთან.
– ნიკოლოზ მალისა და გიორგი კოხრეიძეს ტრანსფერებთან სიახლეები ხომ არ გვაქვს?
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
– ეს საკითხები კვლავაც აქტუალურია. გვინდა ფეხბურთელებმა ისეთ კლუბებში გააგრძელონ საფეხბურთო კარიერა, რომელიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.
– ამ დროისთვის, გუნდში ბევრმა მარცხენა მცველმა მოიყარა თავი. ხომ არ იგეგმება იგივე ცოტნე ნადარაიას ან ლუკა ლაკვეხელიანის ტრანსფერი?
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
– მთავარი მწვრთნელი, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე ვიმოქმედებთ. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანმა ევროპაში, ანაც საქართველოში გააგრძელოს კარიერა.
– კლუბი სპორტულმა დირექტორმა, ლევან სეთურიძემ დატოვა. თუ იგეგმება ახალი სპორტული დირექტორის დანიშვნა?
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
– ლევანს სპორტული დირექტორის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობები გახლდათ. მისი ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „აუდის თასი“, რომელმაც მაღალ დონეზე ჩაიარა. გულდასაწყვეტია, მაგრამ მან კერძო ბიზნესში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, იგი ქართულ ფეხბურთში ისევ დაბრუნდება, უკვე როგორც ინვესტორი. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა არ დასრულებულა და მომავალშიც აუცილებლად ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება ახალ სპორტულ დირექტორს, ვმუშაობთ მაგ საკითხზე და მომავალში აუცილებლად შეიტყობთ ინფორმაციას“.

 

წყარო: fc saburtalo

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ