აპრილი 18, 2024

გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრშია და მზადაა, ბელგიის ჟუპილერლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ითამაშოს. ქართველი ნახევარმცველი გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა იმ 22 ფეხბურთელებს შორის შეიყვანა, რომლებიც ანტვერპენთან მატჩისთვის მოემზადებიან.

22 წლის ფეხბურთელმა გენტის ბოლო მატჩი, რომელიც მისმა გუნდმა კონფერენსლიგაში, კვიპროსულ ანორთოსისთან (2:0) ჩაატარა, ბარძაყის კუნთში დისკომფორტის გამო გამოტოვა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ჩაკვეტაძე მზადაა, თავის გუნდს მომავალ შეხვედრაში დაეხმაროს. ანტვერპენისა და გენტის დაპირისპირება 3 ოქტომბერს გაიმართება.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომელსაც ოქტომბერში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი. ვილი სანიოლის გუნდი 9-ში საბერძნეთს უმასპინძლებს, 12-ში კი კოსოვოს სტუმრად დაუპირისპირდება. ოქტომბრის მატჩებისთვის სანიოლმა სხვებთან ერთად ჩაკვეტაძეც გამოიძახა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჟუპილერლიგის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ მატჩში მწვრთნელმა ის სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა ნახევარმცველმა გენტის ღირსება ასევე კონფერენსლიგის 3 შეხვედრაში დაიცვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *