• სექტემბერი 19, 2021 5:57 pm

ტრავმა: ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ მატჩს გამოტოვებს

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში ვერ ითამაშებს.

 

ამის მიზეზი, როგორც რუსული კლუბის პრეს-სამსახურისგან ირკვევა, ტრავმაა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აწუხებს.

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დაზიანება და როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას.

 

20 წლის ვინგერის გუნდს შემდეგი მატჩი რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით 22 აგვისტოს, “ხიმკის” წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

 

საქართველოს ნაკრებს სექტემბრის თვეში სამი შეხვედრა ელის: კოსოვოს (ბათუმში, 2 სექტემბერი) და ესპანეთის (სტუმრად, ბადახოსი, 5 სექტემბერი) წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ბულგარეთთან ამხანაგურად (სოფია, 7 სექტემბერი). აღნიშნული შეხვედრებისთვის, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის განაცხადში მოხვდება.

 

წინა სეზონში, კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახლადდაწყებულ სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, კვარაცხელია “ჯვაროსნებს” მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.

2 thoughts on “ტრავმა: ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ მატჩს გამოტოვებს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.