• სექტემბერი 19, 2021 4:57 pm

სანიოლს ყველა მატჩის მოგება სურს და მეტოქეების არ ეშინია – იაშვილი sportbild-ს ესაუბრა

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გერმანულ გამოცემა sportbild-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

იაშვილმა საუბარი ვილი სანიოლის შესახებ დაიწყო და აღნიშნა, რომ ფრანგ სპეციალისტთან, რომლის კარიერის უდიდესი ნაწილი გერმანიას უკავშირდება, საერთო ენა მალევე გამონახა.

“შეთანხმებამდე მალე მივედით. პირველი შეხვედრის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენთვის მისაღები კანდიდატურაა. ვილის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ნამდვილი პროფესიონალია. ყოველთვის მოგება სურს და მეტოქის არ ეშინია. მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, წარუმატებელი მატჩის შემდეგაც კი აძლიერებს გუნდს”.

იაშვილი ამბობს, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრებში ყველასთვის კარგად ნაცნობ ბაიერნის მენტალიტეტს ამკვიდრებს.

“ჩვენი იდეაც ზუსტად ამაში მდგომარეობს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს და მნიშვნელოვანია სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ამ დამოკიდებულებით უნდა გავიდნენ მოედანზე თითოეულ მატჩში”.

გერმანულ გამოცემასთან საუბრისას, იაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქართველს ნებისმიერი ტოპ-კლუბის გაძლიერება შეუძლია.

“დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ნებისმიერ ტოპ-კლუბს გააძლიერებს, მაგრამ რთულია იმის თქმა, მან ახლავე უნდა მოირგოს ბაიერნის დონის გუნდის მაისური, თუ გარდამავალი ნაბიჯი გააკეთოს სათამაშო პრაქტიკისა და გამოცდილების მისაღებად. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ხვიჩას ყველაფერი აქვს უმაღლესი დონის ვარსკვლავად ჩამოსაყალიბებლად. 

კვარაცხელია შესანიშნავი დრიბლიორია და მარტივად ახერხებს მეტოქის მოტყუებას. ყოველთვის სწრაფად ცდილობს თამაშს. გარდა ამისა, მაღალი კლასის გუნდებთან გოლების გატანა ეხერხება, როგორც ეს ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში გააკეთა. ბევრს მუშაობს გუნდზე და დაცვასაც ეხმარება, რაც მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის”, – თქვა იაშვილმა, რომელსაც გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაში 438 მატჩი აქვს ჩატარებული და გული სწყდება, რომ დღეს გერმანული ფეხბურთის ელიტაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს.

“არ ვიცი, ასე რატომ მოხდა და ამის გამო გული მწყდება. ქართველი ფეხბურთელები ბუნდესლიგაში რომ თამაშობდნენ, ჩვენი ნაკრების ხარისხზეც დადებითად აისახებოდა. მაგალითად, თუ კვარაცხელია ბუნდელიგაში გადავა, ეს კარს გაუხსნის სხვა ფეხბურთელებსაც. როდესაც მე ვთამაშობდი, ქართველი ფეხბურთელების ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი მენტალიტეტი იყო. ახალი თაობა უფრო მეტად იცავს დისციპლინას, მორალურად ძლიერია და უბრალოდ ჩვენზე უკეთესები არიან. კარგი იქნებოდა, რამდენიმე ქართველს რომ დღესაც ეთამაშა ფრაიბურგში, როგორც მე, ლევან კობიაშვილი და ლევან ცქიტიშვილი ვთამაშობდით 20 წლის წინ”. 

ალექსანდრე იაშვილი გერმანიაში 1997 წლიდან 2013 წლამდე, ლიუბეკის, ფრაიბურგის, კარლსრუესა და ბოხუმის შემადგენლობაში თამაშობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.