• პარ. აგვ 6th, 2021

დიეგო სიმეონე: ,,ყველაფერი ჩვენს ხელშია – ჩემპიონობის მოსაპოვებლად სამივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ”

მადრიდის ,,ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ,,ბარსელონასთან” განვლილი მატჩი ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე შეაფასა და გუნდის საჩემპიონო შანსებზეც ისაუბრა.

არგენტინელი სპეციალისტი აცხადებს, რომ ,,ატლეტიკომ” ტურნირის დასრულებამდე დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს და 7-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმოს.

დიეგო სიმეონე: ,,ბარსელონასთან” შეხვედრაში სასურველ მიზანს მივაღწიეთ. ჩვენ გვინდოდა მატჩი არ წაგვეგო და ეს გამოგვივიდა.
ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩემპიონობის მოსაპოვებლად სამივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ.
ადვილი მატჩები არ გველის. თან როცა ასე ახლოს ვართ ჩემპიონობასთან მღელვარება მატულობს. ამიტომ ბიჭებთან ფსიქოლოგიური კუთხითაც ვიმუშავებ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ,,ატლეტიკომ” ჩემპიონობა იზეიმოს.
მე ერთხელ უკვე გავხდი ლა ლიგის ჩემპიონი ,,ატლეტიკოსთან” ერთად და თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ 7 წლის შემდეგ იგივე ბედნიერება განვიცადო.
,,სოსიედადი”, ,,ოსასუნა” და ,,ვალიადოლიდი” აი ის გუნდები, ვისაც დარჩენილ ტურებში ვეთამაშებით.
,,სოსიედადი” ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და მათთან ურთულესი დაპირისპირება გვექნება.
,,ოსასუნა” სიმპათიური გუნდია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მეტოქე გაამწაროს.
,ვალიადოლიდი” კი ლა ლიგაში დარჩენას ცდილობს და იოლი გასეირნება არც მათთან გველის.
მთავარია ამ შეხვედრებში მოედანზე შემართებით გავიდეთ და ის ჩემპიონობა მოვიპოვოთ, რომელიც დავიმსახურეთ.” – აცხადებს დიეგო სიმეონე ლა ლიგის ვებგვერდზე მიცემულ ინტერვიუში.

ამ დროისთვის ,,ატლეტიკოს” 77 ქულა აქვს და ლა ლიგის ლიდერია. დიეგო სიმეონეს გუნდი მტერ-მეტოქეებს ,,რეალს” და ,,ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.