• პარ. აგვ 6th, 2021

მადრიდულმა “დიარიო AS-მა”  ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სტატია მიუღძვნა

მადრიდულმა “დიარიო AS-მა” 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სტატია მიუღძვნა. პრესტიჟული გამოცემის მტკიცებით, ქართველი შემტევისთვის შესაძლოა, კარიერაში გადამწყვეტი მომენტი ესპანეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი იყოს. ადრე მადრიდულმა გამოცემამ სტატია და სპეციალური ვიდეოკოლაჟი მიუძღვნა ხვიჩას.

“28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი საკვალიფიკაციო მატჩი ჰქონდა მას მერე, რაც შინ საბერძნეთთან ფრე ითამაშა. საქართველოში გუნდს სამივე ქულის აღება ესაჭიროებოდა. სანაცვლოდ, მათ ელოდათ საქართველოს ნაკრების ბევრისთვის უცნობი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. იმ დღეს 20 წლის ქართველი ფეხბურთელის კარიერა 180 გრადუსით შეიცვალა. ლუის ენრიკეს გუნდს კვარაცხელიას გოლი ყელში გაეჩხირა, თუმცა ესპანეთმა შეძლო თამაშის შემოტრიალება. მარცხენა გარემარბის პირველი ტაიმი ოსტატური იყო, მან ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა “ლა როხას”. მხოლოდ გოლიც არ ყოფილა” 13 მოგებული დუელი, 5 დრიბლინლინგი, 1 ჩაჭრა… ის არ დარჩა შეუმჩნეველი მსოფლიოსთვის”, – წერს “დიარიო AS”.

“მიუხედავად ამისა, ბევრს ეგონა, რომ კვარაცხელიას გასროლა ესპანეთთან შემთხვევითობა იყო, რაც მალევე უარყო თავად ხვიჩას თამაშმა – დიდებული გოლები საბერძნეთის ნაკრებისა და სოჩის კარში. ბოლო ორი თვე კვარაცხელიასთვის რაკეტის სისწრაფით წარიმართა. თუნდაც იმის ნახევარი მაინც თუ მართალია, რასაც იტალიური “ტუტოსპორტი” და სხვები წერენ კვარაცხელიაზე, მას რუსულ კლუბში საათებიღა რჩება”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი “ტრანსფერმარკტის” მიხედვით 15 მილიონი ევროა, მას მედია ბევრ გრანდს უკავშირებს. ამჟამად ხვიჩა ტრავმირებულია და შესაძლოა, ამ სეზონში ბოლო მატჩებში მონაწილეობა ვეღარ მიიღოს. რუბინში მის ანგარიშზე სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.