მარტი 29, 2024

”სულ კაცზე ”მიდიოდა”, სულ დრიბლინგის შესრულებას ცდილობდა და ბურთს თითქმის ვერასდროს ართმევდნენ”

ოქრიაშვილის ექს-თანაგუნდელი ცოტნე ხარაბაძე

პირველი ნაბიჯი პროფესიულ ფეხბურთში ”გაგრაში” გადადგა და ვიდრე ”ბარსელონას” ექს-ფეხბურთელი იგორ კორნეევი ოქრიაშვილის თამაშით აღფრთოვანდებოდა, ”გაგრას” სელექციონერმა ლერი გაბისკირიამ ტალანტის თამაში ჭაბუკთა ლიგაზე ნახა. თანამედროვე ფეხბურთში მინდორს მიღმა ცხოვრება, სპორტული რეჟიმის დაცვა და გართობაზე უარის თქმა მოთამაშის კარიერაზე ყოველთვის დადებითად აისახება, მაგრამ როგორც ლერი გაბისკირია ამბობს, ოქრიაშვილი იმდენად დიდი ტალანტი იყო, რომ შეეძლო სამი დღე არ დაეძინა და მოედანზე კვლავ უნაკლოდ, კრუიფივით ეთამაშა.

არასპორტული ცხოვრების გამო მოსმენილი კრიტიკის საპასუხოდ ოქრიაშვილი მოედანზე ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით თამაშობდა, რაც თუნდაც სანაკრებო მატჩებში ადვილი შესამჩნევი იყო და ასე იყო ”გაგრაში”, როცა ბევრი ქართველი ფეხბურთელისგან განსხვავებით შემტევი სტილის მოთამაშე ართმევაზეც დიდი მონდომებით თამაშობდა, რაც ლერი გაბისკირიას სიტყვებშიც კარგად ჩანს, რომ ერთხელ ოქრიაშვილი მეტოქეს საკუთარ საჯარიმომდე ჩამოყვა და ისეთი ვარდნა შეასრულა, შეგვეშინდა მსაჯს პენალტი არ დაედოო. ასეთი იყო ”ოქრი” ”გაგრაში” და შემდეგ ყველგან, სადაც თამაშობდა, მოედანზე მისი მოტივაცია და მონდომება ყოველთვის იგრძნობოდა, თუნდაც ”კრასნოდარში” ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა და როცა დაბრუნდა, 6 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა ”სევილიასთან” შედევრის შესაქმნელად, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის იმ რჩეულ მოთამაშეთა შორისაა, რომლებიც მხოლოდ დადებით ეპითეტებს იმსახურებენ, რადგან მან გვიან, თემურ ქეცბაიას ”ანორთოსისში” მისვლის შემდეგ გაიაზრა, რომ სპორტული რეჟიმისადმი მეტი ერთგულება მართებდა და მაშინ როცა თანამედროვე ფეხბურთი მეტწილად ”რობოტებს” ქმნის, რეჟიმის დამრღვევებს იმ ჰორიზონტიდან აქრობს, სადაც ვარსკვლავების ადგილია.

2004 წელს ბიზნესმენისა და საფეხბურთო ფუნქციონერის, ბესო ჩიხრაძისა და მწვრთნელ გოდერძი ჩიხრაძის ერთობლივი ინიციატივით დაარსებული ”გაგრა” პოლიტიკური ვითარების გამო ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ატარებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლუბმა საქართველოს თასი მოიგო, ევროპა ლიგაზე იასპარეზა და ევროპასა თუ პოსტ-საბჭოთა სივრცეს შეახსენა, რომ საქართველოში აფხაზეთი კვლავ ახსოვთ, უყვართ და ენატრებათ, როგორც საბჭოთა დროის აფხაზეთში გაზრდილი ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც სოხუმის დაცემამდე ქართულ ფეხბურთს აძლიერებდნენ და ქართულ კლუბებში მნიშვნელოვან კვალს ტოვებდნენ.

როცა ”გაგრაში” ოქრიაშვილი შესანიშნავი დრიბლინგებით ქართულ საფეხბურთო ლიგას ალამაზებდა, ძალიან პესიმისტური პროგნოზი იქნებოდა, რომ 28 წლის ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატში ვიხილავდით, მაგრამ ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, რეჟიმის დამრღვევი და ამავდროულად კრეატიული ფეხბურთელები ყოველთვის უფრო საინტერესო პერსონაჟები არიან და ფეხბურთში გაცილებით მეტ ესთეტიკურ სილამაზეს ტოვებენ, ვიდრე თანამედროვე ფეხბურთში შექმნილი ”რობოტები”, რომელთა ასი გადაწყვეტილებიდან ინდივიდუალიზმი თითქმის არც ერთში ჩანს, თუმცა იდეალური ვარიანტი რეჟიმის დაცვისა და შრომის ნაზავია, როგორიც ქართულ რეალობაში შოთა არველაძე იყო და როგორიც უნდა იყოს ოქრიაშვილის კარიერის შემდეგი წლები. ასე ჩანს ოქრიაშვილის ინტერვიუებიდან, მასთან საუბრიდან და მისი სტაბილური თამაშიდან გამომდინარე, თუმცა ახლა არა მის უცხოურ კარიერაზე ან მაკედონიასთან მოახლოებულ მატჩზე ვისაუბრებთ, არამედ თორნიკე ოქრიაშვილი მოგვითხრობს ბავშვობაზე, ”გაგრაში” გატარებულ პერიოდსა და მისი თამაშით აღფრთოვანებულ იგორ კორნეევზე.

თორნიკე ოქრიაშვილი და სელექციონერი ლერი გაბისკირია CrystalSport-ს ესაუბრნენ.

”შესაძლოა კარიერის მიწურულს დაბრუნდე იქ, სადაც მოგეცა პროფესიულ ფეხბურთში დამკვიდრების შანსი?- ”ოქრისთან” ინტერვიუ ამ კითხვით დავიწყე.

ოქრიაშვილი: ”გულწრფელად რომ გითხრა, ამ თემაზე არ მიფიქრია, შესაძლოა ასეც მოხდეს, არ ვიცი. ცხადია, კარიერის ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ ვგეგმავ, მაგრამ ”გაგრაზე” უარს არასდროს ვიტყვი, ამ კლუბმა ყველაფერი მომცა და ყოველთვის ამ კლუბის მადლიერი ვიქნები. თუ ოდესმე ”გაგრას” ჩემი დახმარება დასჭირდება, კლუბს გვერდით დავუდგები”.

”ქუჩის ფეხბურთმა უფრო ”ნაგლი” გამხადა”

დღეს, როცა ქუჩის ფეხბურთი ქრება და სპორტის ეს სახეობა ისეთ სიამოვნებას აღარ მანიჭებს, როგორც წარსულში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ფეხბურთელობაზე მეოცნება ბავშვებისთვის ყველაზე თავისუფალი სივრცის, ქუჩის ფეხბურთის გაქრობაში ვხედავ. ოქრიაშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, როცა დიდ დროს ის და მისი მეგობრები ეზოში ატარებდნენ და გადაწყვეტილებებს მწვრთნელის გარეშე დამოუკიდებლად იღებდნენ.

”ბავშვობაში ჩემი ყოველი დღე ფეხბურთს უკავშირდებოდა, სხვა არაფერი მაინტერესებდა. ვარჯიშიდან მოსვლის შემდეგ სახლში არც ავდიოდი ან ავდიოდი, ჩანთას დავდებდი და ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი. რაში დამეხმარა ქუჩის ფეხბურთი? უბანში პასს ისე ხშირად არ ვაძლევდი, როგორც შეიძლება რომ მისცე, უფრო ”ნაგლი” გამხადა. ბურთთან რაც უფრო ხშირად ხარ, უფრო ტექნიკური ხდები, ამ კომპონენტს ხვეწ. ბავშვობაში ხშირად უფროსებთან ერთად ვთამაშობდი, ყოველთვის სასტარტოში ვიყავი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო”.

უსამართლობის განცდა და მადლიერების გრძნობა

”გარკვეული პერიოდით ფეხბურთს თავი დავანებე. რომ არა ჩემი მშობლები, ფეხბურთელი არ ვიქნებოდი. ჩემი მშობლების მადლიერი ვარ. ამ თემაზე საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებ, ძალიან დიდი უსამართლობა ვნახე და სწორედ ამიტომ გარკვეული პერიოდით ფეხბურთს ჩამოვშორდი, მაგრამ მადლობა ყველას, ვინც ჩემი დაიჯერა. უპირველესად ესენი იყვნენ ჩემი მშობლები და ასევე მადლობა ლერი გაბისკირიას, რომელმაც დამინახა, წამიყვანა და შანსი მომცა. მე ეს შანსი გამოვიყენე”.

პირველი ნაბიჯი პროფესიულ ფეხბურთში

”ოლიმპიკში” მამუკა ფანცულაიასთან ვთამაშობდი, როგორც მახსოვს ჭაბუკთა ლიგის შეხვედრაში 3 გოლი შევაგდე, მატჩის შემდეგ ჩემთან ლერი გაბისკირია მოვიდა, მეგრული აქცენტით მესაუბრა, არც დავფიქრებულვარ ისე ლამაზად მელაპარაკა ”გაგრაზე”. ყველაფერი დეტალურად არ მახსოვს, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა კარგად მახსოვს მასთან პირველი შეხვედრა, ლერი იყო ინიციატორი, რომ ამ კლუბში მეთამაშა. მადლობა მას ამისთვის”.

”კრუიფივით თამაშობ, შენ უნდა გახდე ვარსკვლავი”

ნებისმიერ პროფესიაში პროგრესი და ენთუზიაზმის შენარჩუნება ფინანსური სტაბილურობიდან მოდის. გასულ წელს, როცა მას კუნძულზე ”ანორთოსისის” თამაშის შემდეგ შევხვდი და ვესაუბრე, მისი აზრები არასაფეხბურთო თემებზე უფრო მაინტერესებდა. მაგალითად, როცა საკუთარი შრომით ფულს გამოიმუშავებს, ეს სიამოვნებას ანიჭებს. გულისხმობდა არა ფულს, როგორც ფუფუნებისთვის აუცილებელს, არამედ დამოუკიდებელ და პასუხისმგებლიან პიროვნებას, რომელიც არა მარტო საკუთარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, არამედ საკუთარ მომავალზე, რასაც მისი შრომა განაპირობებს. ვფიქრობ, შეუძლებელია ადამიანი გახდეს დამოუკიდებელი ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე, რასაც პირველი ხელფასის შემდეგ იაზრებ.

”პირველი დღე ”გაგრაში” ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს პირველი ხელფასი. მართლა ყველაზე ბედნიერი ვიყავი. იმ მომენტში კლუბთან კონტრაქტი გაფორმებული არ მქონდა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. ჩემს გარდა ყველას კონტრაქტი ჰქონდა, თუმცა გენერალურმა დირექტორმა გოდერძი ჩიხრაძემ დამიძახა და 50 ლარი მომცა, ეს იყო ჩემი პირველი ხელფასი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ყველა ძმაკაცი რესტორანში დავპატიჟე”.

”არ უნდა გატყდე, უნდა დაამტკიცო, რომ ძლიერი ხარ”

ოქრიაშვილი იხსენებს ”გაგრას”, გუნდს, რომელთანაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. გუნდი, რომელიც მისი თქმით ერთი ოჯახი იყო და სადაც ფეხბურთელებს ერთმანეთის მიმართ მეგობრული და თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. ინტერვიუს ამ ნაწილში მისი ეს სიტყვებია აღსანიშნავი: ”ადამიანური ურთიერთობები ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო”.

”ეს იყო საუკეთესო მატჩი, ყველას ვატყუებდი”

”გაგრაში” 16 წლის ასაკში მივედი, თავიდან ვარჯიში და თამაში დუბლებში მიწევდა, ერთი სეზონის შემდეგ პირველ გუნდში გადამიყვანეს, უმაღლეს ლიგაში თამაში დავიწყე, სეზონის სტარტზე სასტარტოში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემი სათამაშო დრო გაიზარდა.

”გაგრაში” ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ვფიქრობ საქართველოს დონეზე კარგი გუნდი გვყავდა. ეს იყო ერთი ოჯახი, სადაც ყველაზე პატარა მე ვიყავი, თანაგუნდელები ჩემს მიმართ ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, მათგან სითბოს ვგრძნობდი და ეს ადამიანური ურთიერთობები ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

თამაში ყველაზე მეტად გიორგი გაბედავასთან ერთად მსიამოვნებდა, ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო, ერთმანეთის კარგად გვესმოდა.

”გაგრადან” წასვლის შემდეგ ბევრი გუნდი გამოვიარე, მაგრამ თორნიკე თუხარელი ყველაზე სწრაფი იყო, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია. ის ყველა მეტოქეს ყველა მხრიდან ასწრებდა. დიდი იმედი მქონდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ ერთ დღეს რომ გავიგე ფეხბურთს თავი დაანება, ძალიან მეწყინა, მაგრამ ეს ქართული ფეხბურთის რეალობაა, მე ძალიან ბევრს ვიცნობ, რომლებიც ნიჭით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ფეხბურთს თავი ნაადრევად დაანებეს. თორნიკე თუხარელი ერთ-ერთი მათგანია.

ჩვენს გუნდში იუმორით რევაზ თევდორაძე გამოირჩეოდა, ის ჩვენი გუნდის მეკარე იყო, მას საშინელი და სასწაული იუმორი ჰქონდა.

”გაგრაში” მარცხენა ”ვინგერადაც” მაყენებდნენ, მაგრამ მეწტილად ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი. უკრაინაში მარცხნივ გადამწიეს და ყველა მატჩს ამ პოზიციაზე ვატარებდი.

”გაგრას” მაისურით ბევრი მაგარი მატჩი ჩავატარე, მაგრამ ზუგდიდის ”ბაიასთან” შეხვედრას გამოვყოფ, სადაც ყველას ვატყუებდი”.

სახალისო ისტორია

ოქრიაშვილის შესახებ მისი ყოფილი თანაგუნდელი ირაკლი შალიკაშვილი იხსენებს: ”გაგრაში” თორნიკე ოქრიაშვილთან გატარებული პერიოდი არასდროს დამავიწყდება, ჩვენ არა მარტო თანაგუნდელები, არამედ ახლო მეგობრები ვიყავით. მახსოვს ბათუმში შეკრება გვქონდა, უკრაინელი მწვრთნელი საკმაოდ მკაცრი იყო და გარეთ არ გვიშვებდა. ჩვენ რუჯის მიღება გვინდოდა და ასე დაბრუნება თბილისში, მაგრამ რადგან ეს ვერ მოვახერხეთ, მაღაზიაში შევედით, რუჯის კრემები ვიყიდეთ, წავისვით და მე და ჩემი ”ოქრი” სხვადასხვა ფერებით დავბრუნდით თბილისში. რაც შეეხება მის საფეხბურთო უნარებს, ძალიან ნიჭიერი იყო და თავიდანვე ვგრძნობდი, რომ დიდი მომავალი ჰქონდა”.

ლერი გაბისკირიას ინტერვიუს შემდეგი ნაწილი ძალიან საინტერესოა. დღე, როცა ოქრიაშვილის თამაში თემურ ქეცბაიამ პირველად ნახა და აღფრთოვანდა, თუმცა ვიდრე ოქრიაშვილს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვევდნენ, მასზე უარი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა. გაბისკირია ამ პერიოდს ვრცლად იხსენებს.

მატჩი ირლანდიასთან და დღე, როცა ქეცბაიამ ოქრიაშვილის თამაში პირველად ნახა

უცნაური ისტორია: პატარა ”ოქრი” და გადარეული ”ფანები”

თორნიკე ოქრიაშვილი უმაღლეს ლიგაში გატარებული სეზონიდან ზუგდიდის ”ბაიასთან” გასვლით მატჩს და ზუგდიდელ ქომაგებს იხსენებს, რომლებიც დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ:”ერთ უცნაურ ისტორიას გავიხსენებ. უმაღლეს ლიგაში ჩატარებული რამდენიმე თამაშის შემდეგ ზუგდიდის ”ბაიასთან” გასვლითი მატჩი გვაქვს. ტელევიზიით ვადევნებდი საქართველოს ჩემპიონატს თვალს, მაგრამ არ ვიცოდი სტადიონზე როგორი ვითარება იქნებოდა, ზუგდიდელ გიჟ და გადარეულ ”ფანებზე” არაფერი ვიცოდი. თამაშამდე ჩვენი გუნდის მეკარემ, რევაზ თევდორაძემ მითხრა, რომ აი ახლა ნახავ როგორია დედის გინებაო. პატარა ვიყავი და არ მესმოდა, ასე ახლოს მყოფმა ”ფანებმა” როგორ უნდა მაგინონ-მეთქი. თან მაშინ პატარა ვიყავი და ასეთ გარემოში თამაშის გამოცდილება არ მქონდა. შეხვედრა დაიწყო და ატყდა ეს სასწაული გინება, სათადარიგოთა სკამზე ვზივარ და ძალიან მიხარია, მე ჯერ არ მაგინებენ. შემდეგ მწვრთნელმა მითხრა, ”ოქრი” მიდი გახურდიო. მაშინ ცოტა გრძელი თმა მქონდა, ”გახურება” დავიწყე. ვხედავ ხუთმა ”ფანმა” დიდი გზა გაიარა, ისინი ჩემთან ახლოს ღობესთან მოვიდნენ. როგორც ჩანს ჩემი გრძელი თმა არ მოეწონათ, მათი ყოველი გინება ასე იწყებოდა: ”შენი გრძელთმიანი….” და შემდეგ აგრძელებდნენ. გავგიჟდი. პატარა ვიყავი და ვერ წარმომედგინა, რომ ასე აგრესიულად შეიძლებოდა მოგქცეოდა მეტოქის ქომაგი”.

უცნობი ისტორია: ”ოქრიაშვილის წაყვანა აზერბაიჯანში სურდათ”

ოქრიაშვილით აღფრთოვანებული ”ბარსელონას” ექს-ფეხბურთელი

”18 წლის ვხდებოდი, ბატონმა ბესო ჩიხრაძემ რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა, იმ მომენტში უპირატესობა ”ზენიტს” მივანიჭე და რუსულ კლუბში სინჯებზე წავედი. იმ პერიოდში რუსული კლუბის სპორტული დირექტორი ”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი იგორ კორნეევი იყო, რომელიც ბესო ჩიხრაძესთან მეგობრობდა. კორნეევმა ჩემი თამაში ბელარუსის 19-წლამდე ნაკრებთან შეხვედრაში ნახა და აღფრთოვანდა, ჩემი ”ფანი” გახდა. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ”ზენიტთან” შეთანხმება შემდგარიყო და კლუბს ის პირობები დაეკმაყოფილებინა, რაც ჩვენ მოვითხოვეთ. მას ძალიან მოვწონდი.

კორნეევი ბარსელონაში

შეკრებაზე კორნეევი სავარჯიშო პროცესშიც მონაწილეობდა, ყველაზე ასაკოვანი იყო, მაგრამ 43 წლის კორნეევი ყველას სჯობდა, ”კვადრატისას” ან სხვა ვარჯიშებისას საოცარი ტექნიკით გამოირჩეოდა.

მისი დიდი სურვილის მიუხედავად უთანხმოების გამო ”ზენიტში” ვერ დავრჩი. ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ დონეცკის ”შახტართან” კონტრაქტის გასაფორმებლად გავფრინდი, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, რაც ჩემთვის ძალიან მაგარი იყო”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *