• ორშ. მაი 10th, 2021

ლეგიონერების მონაგარი: “რუბინმა” მოიგო, თუმცა ხვიჩა დაშავდა…

რუსეთი – ყაზანის “რუბინი” წარმატებულ სერიას განაგრძობს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ამჯერად ეკატერინბურგში ადგილობრივ “ურალს” 1-0 სძლია და ევროსაგზურის ზონაში შეაბიჯა. მოგების მიუხედავად, გუნდმა ხვიჩა კვარაცხელია გაურკვეველი დროით დაკარგა. ჯერ ისიც კი არ არის ცნობილი ხვიჩა გამოტოვებს თუ არა ერთ შეხვედრასაც კი. როგორც მატჩის დასრულების შემდედ “რუბინის” მწვრთნელმა სლუცკიმ განაცხადა, ტრავმის სირთული უახლოეს ხანში გაირკვევა. კვარაცხელიამ მოედანი 32-ე წუთზე დატოვა.

ძალიან დამაჯერებლად იმარჯვა გია გრიგალავას “არსენალმა”. ტულელებმა აუტსაიდერ “ტამბოს” 4-0 მოუგეს. გრიგალავამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა, სტუმართა რიგებში ასევე სრულად გაისარჯა ახალგაზრდა მცველი ზურაბ გიგაშვილი. ორივე გუნდი ჯერ-ჯერობით გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სამხ.კორეა – კორეის ჩემპიონატში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ წააგო ვაკო ყაზაიშვილის “ულსაი ჰიუნდაიმ”. ვაკოს გუნდი გასვლაზე “სუვონთან” 3-0 განადგურდა. ყაზაიშვილმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი, 20 ქულით მე-2 ადგილზეა.

ავსტრია – ავსტრიის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების “ვოლფსბერგერმა” საჩემპიონო გათამაშებაში 2-0 მოუგო “ტიროლს”. ქართველთაგან გურამ გიორბელიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს, ლუკა ლოჩოშვილი კი როგორც მოგეხსენებათ დისკვალიფიცირებულია. “ვოლფსბერგერი” მე-5 ადგილზეა.

უკრაინა – უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში ნიკა სიჭინავას “ინგულეცმა” სახლში ლვოვის “რუხს” ვერ მოუგო (0-0). ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, ნიკა პირველ ტაინმში ყვითელი ბარათიც მიიღო. “ინგულეცი” 20 ქულით მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

ყაზახეთი – შოთა გრიგალაშვილისა და რომან ჭანტურიას “კიზილჟარი” გასვლაზე დედაქალაქურ “ასტანასთან” 3-1 დამარცხდა. “კიზილჟარის” ვეტერანი ქართველი კაპიტანი ტრავმირებულია, ჭანტურია კი თამაშში პირველი ტაიმის შემდეგ ჩაერთ. “კიზილჟარი” 7 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ჩეხეთი – ჩეხეთის რანგით პირველ ლიგაში ვახტანგ ჭანტურიშვილის “ზლინი” მოულოდნელად დამარცხდა შინ “პრიბრამთან” (1-0). ჭანტურიშვილი სათადარიგო იყო და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი 29 ქულით მე-13 ადგილზეა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.