• სამ. მაი 11th, 2021

გიორგი მიქაუტაძის იჯარა ბელგიურ „სერენში“ მალე დასრულდება

გიორგი მიქაუტაძის იჯარა ბელგიურ „სერენში“ მალე დასრულდება. როგორც ფრანგული „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ განაცხადა, ახალ სეზონს გიორგი იმ კლუბის შემადგენლობაში დაიწყებს, რომლის საკუთრებაც არის ამჟამად.

„ჩვენ გვწამს და გვჯერა გიორგი მიქაუტაძის მომავალის. ის „მეცში“ დაბრუნდება და შანსს უსათუოდ მიიღებს. კარგი შემტევია, შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ჩვენ არ გვყავს მისი სტილის თავდამსხმელი.“ – აღნიშნა ანტონეტიმ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გაეხანგრძლივებინათ.

მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ „სერენი“ ბელგიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავა, რაშიც საქართველოს ნაკრების ახალწვეულის წვლილი მართლაც უდიდესი იქნება.

წესით, „მეცს“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითების პერსპექტივა არ უნდა დაემუქროს, რადგან გუნდი ამ დროისთვის 42 ქულით მეათე ადგილზეა. აქედან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი სეზონისათვის ევროპულ ტოპლიგაში მინიმუმ
ერთი წარმომადგენელი გვეყოლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.