• სამ. მაი 11th, 2021

GRANDHOTELCALCIOMERCATO.COM: არამარტო კვარაცხელია, სერია A-სთვის საქართველოში სხვა ტალანტებიც არიან

GRANDHOTELCALCIOMERCATO.COM: არამარტო კვარაცხელია, სერია A-სთვის საქართველოში სხვა ტალანტებიც არიან!..
Grandhotelcalciomercato.com-მა გამოაქვეყნა პატარა წერილი, რომელშიც მიანიშნა, რომ სერია A-ს კლუბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სხვა ქართველ ტალანტებსაც და არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის მიმართ ინტერესი არახალია.
მაგალითად, ხსენებული გამოცემა წერს გიორგი აბუაშვილზე – თბილისის “დინამოს” აკადემიის 18 წლის აღზრდილზე, რომელიც ნელ-ნელა უშინაურდება მთავარ გუნდს.
საიტი მის ღირებულებად 500 ათას ევროს ასახელებს და დასძენს: “ის ძალიან კარგად თამაშობს მარცხენა ფეხით. რა თქმა უნდა, აბუაშვილი არ არის ჯერ ზრდასრული ტალანტი და კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, მაგრამ აქვს პოტენციალი და კარგი იქნება, თუ პირველ ნაბიჯებს ჯერ სერია B-ში გადადგამს”.
შემდეგ იტალიური გამოცემა წერს: “ძნელად გამოსათქმელი გვარები, დაბალი სატრანსფერო ფასები და კონცენტრირება ბურთზე – ამით ქართველი ფეხბურთელები საინტერესონი უნდა იყვნენ ჩვენი ჩემპიონატისთვის. ერთ-ერთს უკვე ვიცნობთ – ხვიჩა კვარაცხელია. მაგრამ სხვები არ არიან? რა თქმა უნდა, არიან სხვებიც”, – აღნიშნავს საიტი და იქვე ქართველი საფეხბურთო მენეჯერის ირაკლი ხვედელიანის (რომელიც ხშირად ყოფილა “ლელოს” სტუმარი) სიტყვები მოჰყავს:
“ფეხბურთს ვთამაშობდი, მერე ვისწავლე სამწვრთნელო კურსებზე, მაქვს დიპლომი საფეხბურთო მენეჯმენტშიც… დღეში 7-8 თამაშს ვუყრებ. 2011 წელს თბილისის “დინამოს” შევთავაზე ფორვარდი, რომელიც მაშინ “ფლიტვუდში” თამაშობდა – ინგლისის რანგით მე-5 ლიგაში. შესანიშნავი მაჩვენებლები ჰქონდა – 31 გოლი 36 მატჩში, ასევე, 3 გოლი 6 მატჩში ინგლისის თასზე. ეს ფეხბურთელი იყო ჯეიმი ვარდი”.
თუმცა, ხვედელიანის თქმით, “დინამომ” უარი თქვა ამ ფეხბურთელზე იმის გამო, რომ მე-5 ლიგა ძალიან დაბალ კატეგორიად მიიჩნია. არადა, იმის მერე ჯეიმი ვარდი 2016 წელს პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, ჩემპიონიც და ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც, ხოლო 28 წლისას დებიუტი ჰქონდა ინგლისის ნაკრებში.
შემდეგ ისევ ხვედელიანი საუბრობს: “კვარცხელიას გარდა, ჩვენ სხვა ტალანტებიც გვყავს. შეიძლება ისეთებიც კი, ვინც უფრო მეტად შეეფერებიან სერია A-ს, ვიდრე იგივე კვარაცხელია. მგონია, რომ ხვიჩასთვის უფრო უკეთესი იქნებოდა გერმანიაში ან ესპანეთში გადასვლა”, – ამბობს ხვედელიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.