• სექტემბერი 16, 2021 6:41 pm

რევაზ ძოძუაშვილი – ბესტის თამაშს რომ შევხედე, არ გამკვირვებია, რადგან მესხი, მეტრეველი და გუცაევი მყავდა გუნდში

რევაზ ძოძუაშვილი – ბესტის თამაშს რომ შევხედე, არ გამკვირვებია, რადგან მესხი, მეტრეველი და გუცაევი მყავდა გუნდში
…………
დინამოს ვეტერანი მცველი – რევაზ ძოძუაშვილი დღეს 76 წლის გახდა. დინამოს რიგებში 1968 წლიდან 1976 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 299 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა #RevazDzodzuashvili
🏆 არის სსრკ– ს ჩემპიონატის ოთხგზის პრიზიორი 1969, 1971, 1972 და 1976 (გ.) წლებში. სსრკ-ის თასის 1976წლის გამარვებული.33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დასახელდა შვიდჯერ. სსრკ– ს ნაკრებში 49 შეხვედრა ჩაატარა 🎂 სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში 1972წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი,1972წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი..
………….
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საინტერესო თემაზე იყო საუბარი. სპორტში და მათ შორის ფეხბურთშიც არიან ე.წ. „ცუდი ბიჭები“, რომლებიც სპორტული რეჟიმით არ ცხოვრობენ და არაერთი მავნე ჩვევა აქვთ. ასეთი ფეხბურთელი იყო ჯორჯ ბესტიც, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.
გადაცემის სტუმარმა, რევაზ ძოძუაშვილმა, ჯორჯ ბესტთან დაკავშირებული მოვლენები გაიხსენა, როცა ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელის აყვანა ევალებოდა:
„პირველად, როცა სსრ კავშირის ნაკრებში გამომიძახეს, იქ ასეთი სიტუაცია დამხვდა: გუნდის თითქმის 80 პროცენტი, ვეტერანები იყვნენ. ისინი გვერდზე გაწიეს და ახალ თაობაზე გააკეთეს აქცენტი. პირველად იანვარში წაგვიყვანეს ეშერაში, ნაკრების წევრებს შორის 11 ფეხბურთელი მარტო მცველი იყო. აქედან გამომდინარე, მე მე-11, მე-12 კაცად ვითვლებოდი, რადგან თბილისის „დინამოში“ ერთი წელი მქონდა ნათამაშები და მერე უკვე ნაკრებში გამომიძახეს.
პირველ შეკრებაზე დაგვსვეს და ვიდეოს გვაყურებინეს, სადაც ჩრდილოეთ ირლანდია ინგლისს ეთამაშებოდა. გვითხრეს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში არის ერთი ფეხბურთელი, ჯორჯ ბესტი – თუ მას გაანეიტრალებთ, მსოფლიო პირველობაზე წავალთო.“
რევაზ ძოძუაშვილმა ბესტი თანამედროვე ფეხბურთელებიდან ნეიმარს შეადარა:
„ახალგაზრდებს შედარების საშუალება რომ ჰქონდეთ, ბესტი დაახლოებით ნეიმარის ვარიანტი იყო. ყველგან ეგ იყო, მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრში გადადიოდა და საგოლე მომენტებს ქმნიდა.“
რევაზ ძოძუაშვილმა ჯორჯ ბესტი მიშა მესხს, სლავა მეტრეველს და ვლადიმერ გუცაევსაც შეადარა:
„ბესტის თამაშს რომ შევხედე, არ გამიკვირდა, რადგან მიშა, სლავა და ვოვა მყავდა „დინამოში“, რომლებსაც ინდივიდუალური ტექნიკა, სისწრაფე, სტარტი და ყველაფერი ჰქონდათ. ამხანაგური თამაში იყო თუ ვარჯიში, მათთან მიწევდა ორთაბრძოლები. ბესტს მიშა მესხზე უკეთესი ფინტები არ ჰქონდა, სლავა მეტრეველზე კარგი სტარტი არ გააჩნდა, აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ არ უნდა გამჭირვებოდა მასთან თამაში, რადგან გუნდში ისეთი ხალხი მყავდა, ვინც მასზე ნაკლებნი არ იყვნენ. ახალგაზრდებს კი ერთადერთი რაც შემიძლია ვურჩიო არის ის, რომ სპორტული რეჟიმით იცხოვრონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.