• ნოემბერი 29, 2021 12:29 pm

ფირუზ კანთელაძე ,,ნორჩი დინამოელი” – დან თბილისის ,,დინამოს” მცველობამდე

ქართული  ფეხბურთის ისტორიაში კარგადაა შემონახული ,,დინამოელი” ფირუზ კანთელაძის სახელი, რომელმაც გვასახელა უამრავი წარმატებით.

ფირუზ კანთელაძე დაიბადა თბილისში 1949 წლის 10 ნოემბერს. 

1967–1979 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა 1978 წელს, ვიცე-ჩემპიონი 1977 წელს და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი 1969, 1976 წლებში, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) მფლობელია. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი 1967 წელს.

ფირუზ კანთელაძე ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

ბიოგრაფიული ცნობები

სხვადასხვა წყაროებში მის შესახებ შემდეგი ინფორმაციაა შემონახული. ფეხბურთით ბავშვობის ასაკიდან დაინტერესებულა. 

-ფეხბურთის თამაშს იწყებს საფეხბურთო სკოლა „ნორჩ დინამოელში“, ცნობილი სპეციალისტების — გრიგოლ გაგუას, ვიქტორ ბერეჟნოისა და ომარ უშვერიძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ ელოშვილის მიწვევით ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში (რუს. ФШМ – Футбольная школа молодежи) გადადის, სადაც გუნდთან ერთად ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში იმარჯვებს.

 1966 წლის სექტემბერში თბილისის „დინამოს“ მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ალიოშა კოტრიკაძის ინიციატივით ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო კლუბის წევრი ხდება. იმ პერიოდში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ირიცხებიან: ვლადიმერ ბარქაიაილია დათუნაშვილიშოთა იამანიძესერგო კოტრიკაძემიხეილ მესხისლავა მეტრეველიგიორგი სიჭინავაბორის სიჭინავარამაზ ურუშაძემურთაზ ხურცილავა — ფეხბურთელები, რომელთა კლასი და ავტორიტეტი, დღემდე, არა მხოლოდ საკავშირო, არამედ ევროპული და მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი და აღიარებული.

1966 წელს თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობის 8 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1967 წლის 10 ოქტომბერს, დონეცკში, ადგილობრივი „შახტიორის“ წინააღმდეგ, 1967 წლის საკავშირო ჩემპიონატის 28-ე ტურის კალენდარულ მატჩში გამოდის მოედანზე. აღნიშნულ მატჩამდე, ჩატარებული 27 ტურის შემდეგ, თბილისელები 33 ქულით ჩემპიონატის მესამე ადგილს, ხოლო დონეცკელები 31 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვისა და კიევის „დინამოელები“, შესაბამისად — 43 და 38 ქულით პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ და საგრძნობლად უსწრებენ დანარჩენ გუნდებს, აღნიშნული დაპირისპირების მონაწილეთათვის მთავარი მიზანი საპრიზო სამეულში მოხვედრაა. მათ შორის არსებული ორქულიანი სხვაობა კიდევ უფრო ამძაფრებს მატჩის მნიშვნელობას. ამდენად, მიმდინარე სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც „დინამოელთათვის“, ასევე, დონეცკელთათვის საკმაოდ პრინციპულ, „შახტიორის“ ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ამ შეხვედრას 35 ათასი მაყურებელი ესწრება, რომელიც ტრადიციულად სამაგალითოდ გულშემატკივრობს საკუთარ გუნდს. ქომაგების ასეთი მხარდაჭერით გამხნევებული „შახტიორი“ თავიდანვე ცდილობს სათამაშო ინიციატივის აღებას და უკვე 22-ე წუთზე ახერხებს ანგარიშის გახსნას. მატჩის პირველი ნახევრის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე, მათ მეორე ბურთიც გააქვთ თბილისელთა კარში და ქართველი ფეხბურთელები ორბურთიანი უარყოფითი სხვაობით გადიან გასახდელში. მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ჯერ ბორის სიჭინავას (49’), ხოლო შემდეგ ვახტანგ რეხვიაშვილს (59’) გააქვთ საპასუხო გოლები და სტუმრებს მატჩის შემობრუნების იმედი ესახებათ. თუმცა, შეხვედრის 70-ე წუთზე დონეცკელები მაინც ახერხებენ მესამე ბურთის გატანას და ეს პრინციპული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება.[6] სეზონის დარჩენილი 8 ტურიდან, ამ ღირსახსოვარი მატჩის დებიუტანტი, ფირუზ კანთელაძე, კიდევ 5 შეხვედრაში გამოდის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით და ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში ექვსჯერ იცავს „დინამოელთა“ ღირსებას.

ფირუზ კანთელაძისთვის 1967 წლის საფეხბურთო სეზონი დიდ ფეხბურთში მისი თორმეტწლიანი კარიერის პირველი, საეტაპო და ამდენად, განსაკუთრებული სეზონია. თუმცა, იმავე წელს მის საფეხბურთო ბიოგრაფიაში კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება — „დინამოელთა“ ახალბედა მცველი საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისაკუთრებს. აღნიშნული ნაკრების ღირსებას (სადაც წარსულში ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს ვლადიმერ ელოშვილს მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოსტი უკავია), კანთელაძის გარდა, კიდევ ორი ჩვენი თანამემამულე იცავს — ლევან ნოდია და რეზო ჭოხონელიძე (წლების შემდეგ რეზო ჭოხონელიძე საფეხბურთო აგენტის რანგში დიდ როლს ითამაშებს კახი კალაძის კიევის „დინამოდან“ „მილანში“ განხორციელებული ტრანსფერის საქმეში, სადაც ეს უკანასკნელი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის სახელით შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში).

1968 წლიდან მისი ჩართულობა „დინამოელთა“ ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სავარჯიშო-სამწვრთნელო პროცესში კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. ალიოშა კოტრიკაძის შემდეგ, „დინამოს“, ამჯერად, ფეხბურთის ცნობილი რუსი სპეციალისტი, კიევის „დინამოს“მოსკოვის „ცსკა“-სა და მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი — ვიაჩესლავ სოლოვიოვი უდგას სათავეში, რომელიც ახალწვეული ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, სათანადო მიდგომითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. ამის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს, გამოუცდელი, ახალბედა მოთამაშეების სპეციფიკური ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცოდნა და ანგარიშის გაწევა იმ მოცემულობისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი განვითარების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ასევე, პიროვნული ასპექტებიდან გამომდინარე — უფროს, გამოცდილ და ავტორიტეტულ თანაგუნდელთა შორის თამაში, არა მხოლოდ საფეხბურთო ოსტატობის ამაღლების, არამედ, პირველ რიგში, გარკვეული კომპლექსების დაძლევისა და საჭირო სპორტული სითამამის გამომუშავების თვალსაზრისით. მითუმეტეს, რომ „დინამოში“ თითოეულ პოზიციაზე ყოველთვის მძაფრი კონკურენციაა. მაგალითისთვის, კანთელაძის გარდა, გუნდში იმ პერიოდისთვის ხუთი ცენტრალური მცველია: ზორბეგ ებრალიძევახტანგ რეხვიაშვილი, მალხაზ შერგელაშვილი, ვახტანგ ჭელიძე და მურთაზ ხურცილავა. ის ფაქტი, რომ ასეთი კონკურენციის მიუხედავად, 19 წლის ასაკში, ფირუზ კანთელაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში 1968 წლის საკავშირო ჩემპიონატის 17 შეხვედრას ატარებს, აჩვენებს, როგორც მწვრთნელის მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ ნდობას, ასევე, იმას, რომ თანაგუნდელები მას, როგორც სრულფასოვან და თანასწორ პარტნიორს, ისე აღიქვამენ.

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.

1979–1980 წლების საფეხბურთო სეზონში თამაშობდა და კარიერა დაასრულა სამტრედიის „ლოკომოტივში“.

ფირუზ კანთელაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 194 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 18 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 15 — უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

ფირუზ კანთელაძე 2019 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.