• სექტემბერი 16, 2021 10:23 pm

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე შეხვდება “აიაქსის” სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს

სპორტ-ექსპრესი: კვარაცხელიას აიაქსში არველაძე ლობირებს!.. რატომ არის ამსტერდამული გრანდი იდეალური ვარიანტი ხვიჩასთვისაც და რუბინისთვისაც?
“სპორტ-ექსპრესმა” საინტერესო წერილი გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლითაც ამსტერდამის “აიაქსი” დაინტერესდა. გამოცემის ცნობით, 20 წლის ქართველ ტალანტს ქართული ფეხბურთის ლეგენდები ლობირებენ…

როგორც “სპორტ-ექსპრესისთვის” გახდა ცნობილი, კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე შეხვდება “აიაქსის” სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს. ნიდერლანდური კლუბი დაინტერესებულია, რომ ქართველი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეიძინოს…

არველაძე ხვიჩას აიაქსში ლობირებს, კალაძე მილანში

…”გაზაფხულზე მამუკა ჯუღელმა ევროპულ კლუბებთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებთა კარში გატანილი გოლების შემდეგ, კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ევროპული კლუბების სკაუტებმა და მენეჯერებმა ფეხბურთელი მაღალ ევროპულ დონეზე ნახეს და მისი თამაში შეაფასეს.

უკვე ცნობილი იყო “მილანის” დაინტერესების შესახებ – “როსონერის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ხვიჩას რეკომენდაცია გაუწია. თავის დროზე, ქართველმა მცველმა ევროპაში დიდი კარიერა აიწყო და ჯუღელთან კონტაქტში ფეხბურთელს “მილანის” ხელმძღვანელობასთან ლობირებს.

იგივე სერიიდან არის შეხვედრა “აიაქსის” ხელმძღვანელობასთან. “სპორტ-ექსპრესის” ინფორმაციით, ამსტერდამული გრანდის ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე ეხმარება ფეხბურთელის აგენტს “აიაქსის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრაში. ვეტერან ქართველ ფეხბურთელს ასევე სურს, კვარაცხელიას ევროპაში გადასვლაში დაეხმაროს და ურჩევს მას “აიაქსში” გადასვლას, სადაც თავად ითამაშა 90-იანი წლების ბოლოს.

გაითვალისწინეთ, რომ “რუბინის” ოფისში ჯერ არანაირი ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ. ყველა მოლაპარაკება ტარდება კვარაცხელიას აგენტისა და დაინტერესებული კლუბების დონეზე. “რუბინმა” ახლახან გამოაცხადა, რომ მზად არის, ფეხბურთელი ზაფხულში ღირსეული კომპენსაციის საფასურად გაუშვას.

რუბინი კვარაცხელიაში 20 მილიონ ევროს ითხოვს

“სპორტ-ექსპრესის” ცნობით, “რუბინი” მზადაა, კვარაცხელია 20 მილიონ ევროდ ან მეტად გაყიდოს. ასეთი სურვილი გამოთქვა მამუკა ჯუღელმა, რომელიც ზაფხულში კლიენტის ევროპულ კლუბში გადაყვანას გეგმავს. კვარაცხელიას წასვლა ძალიან სავარაუდოა, თუ სერიოზული ტრავმის სახით რაიმე ფორსმაჟორი არ მოხდა.

“რუბინი” უკვე მზადაა, რომ ფეხბურთელმა ზაფხულში გუნდი დატოვოს. ყაზანელები ევროასპარეზზე გასასვლელად იბრძვიან. სავარაუდოდ, ლეონიდ სლუცკის გუნდი კონფერენსლიგაზე მოხვდება, კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს. გაუგებარია, “რუბინი” ტიტულების მოსაპოვებლად როდის იბრძოლებს. ისინი დაინტერსებულნი არიან, ხვიჩა გადავიდეს გუნდში, სადაც რეგულარულად ითამაშებს და პროგრესს გააგრძელებს.

“რუბინს” შეუძლია, შეცვალოს კვარაცხელია მაღალხარისხიანი სელექციის განყოფილების დახმარებით, რომელმაც გუნდისთვის უკვე მრავალი კარგი შემსრულებელი იპოვა. ქართველის ტრანსფერიდან მიღებული თანხა საშუალებას მისცემს “რუბინს”, თვისობრივად გაძლიერდეს და მომავალ სეზონში მედლებისთვის იბრძოლოს.

რატომ არის აიაქსი იდეალური ვარიანტი?

“აიაქსი” არის კლუბი, სადაც ხვიჩას დიდი შანსი ექნება, თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოს. პირველი, გუნდის თამაშის სტილი ნიშნავს, რომ ქართველს თავდასხმაში თავისი უნარების დემონსტრირებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება. მეორეც, ლიგა თავად კვარაცხელიას შეეფერება, რომელიც დრიბლინგზე მიდის და თამაშს ამძაფრებს. მესამე, ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის დიდ კლუბში გადასასვლელად ჯერ სწორედ ნიდერლანდებში თამაშია სასარგებლო.

აქ მოვიყვანთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ერედივიზიეში წარმატებული სეზონის შემდეგ უკეთეს ლიგებში დაწინაურდნენ: ირვინგ ლოსანო (პსვ-დან ნაპოლიში), სერჟინიო დესტი (აიაქსიდან ბარსელონაში), ლუკ დე იონგი (პსვ-დან სევილიაში), დონი ვან დე ბეეკი (აიაქსიდან მანჩესტერ იუნაიტედში), ჰაკიმ ზიეჩი (აიაქსიდან ჩელსიში), სტივენ ბერგვიინი (პსვ-დან ტოტენჰემში), ფრენკ დე იონგი (აიაქსიდან ბარსელონაში), მატიას დე ლიხტი (აიაქსიდან იუვენტუსში).

არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში “აიაქსი” ლიდერებს შეელიოს: კლუბი შეიძლება დატოვონ ბრაზილიელმა ენტონიმ (8 გოლი და 8 საგოლე პასი სეზონში) და დუშან ტადიჩმა (14 გოლი და 13 საგოლე პასი). ესე იგი, ამსტერდამელები მათ შემცვლელებს უკვე ეძებენ, რადგან კვარაცხელიაზე მოლაპარაკებები დაიწყო. “აიაქსისთვის” 20 მილიონი ევრო ნამდვილად სერიოზული თანხაა, მაგრამ კლუბმა ზამთარში 22.5 მილიონ ევროდ იყიდა ფორვარდი სებასტიან ალე. ანუ, “აიაქსმა” უკვე აჩვენა, რომ მზადაა, გადაიხადოს ის ფული, რასაც “რუბინი” კვარაცხელიაში მოსთხოვს.

მნიშვნელოვანი ნიუანსია ის, რომ კონტრაქტში შემდგომი გაყიდვიდან პროცენტის პუნქტის შეტანაა დაგეგმილი – საუბარია დაახლოებით 20%-ზე. ამიტომ, ყაზანური კლუბისთვის, “აიაქსის” ვარიანტი თითქმის იდეალურია მისი ბიზნესმოდელის გამო. 2019/20 წლების სეზონის შემდეგ ამსტერდამელებმა ფეხბურთელების გაყიდვაში 327 მილიონი ევრო მიიღეს. ანუ კლუბი მიზნად ისახავს შემდგომში ხვიჩას კიდევ უფრო მომგებიან რეალიზაციას და შეეცდება, მისი ტრანსფერი უფრო მეტ თანხად განახორციელოს.

ეს ფუნდამენტური განსხვავებაა “მილანისგან”, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ამდენ ფულს ტრანსფერებზე ვერ შოულობდა. არ არის გამორიცხული, რომ ყაზანელებმა ამ გარიგებით დამატებით 8-10 მილიონი ევროს შოვნა შეძლონ”, – წერს “სპორტ-ექსპრესი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.