აპრილი 16, 2024

ლევან კორღალიძე “საბურთალოს” დაემშვიდობა

🎙 “გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… “საბურთალო” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარესთვის ასე ჯობდა.

“საბურთალო” იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ. “ბენდელაზე” მისვლისას მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი.

მინდა “საბურთალოს” მომავალში წარმატებები ვუსურვო”, – გვითხრა “საბურთალოს” უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ.

გეტყვით, რომ კორღალიძემ გუნდის დატოვების შესახებ საზოგადოებას ქობულეთის “შუქურასთან” 2:2 მატჩის დასრულების შემდეგ ამცნო. შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტმა დედაქალაქური კლუბი გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში კორღალიძის ხელმძღვანელობით კლუბმა 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა – 7-ჯერ მოიგო, 6 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 5 შემთხვევაში დამარცხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *