• კვი. აგვ 1st, 2021

ამ საღამოს საინტერესო ,დიდი ფეხბურთია პარიზში, სადაც შარშანდელი ფინალისტები „პარი სენ ჟერმენი“ და „ბაიერნი“ ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ

ამ საღამოს საინტერესო ,დიდი ფეხბურთია პარიზში, სადაც შარშანდელი ფინალისტები „პარი სენ ჟერმენი“ და „ბაიერნი“ ნახევარფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.
მატჩის წინ…
მაურისიო პოჩეტინო (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): „დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ბაიერნი“ ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ჩემი მეტოქისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. ამავე დროს ჩვენ დარწმუნებული ვართ საკუთარ ძალებში. მშვენივრად გვესმის, რომ ისევ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და ვცდილობთ ამას მივაღწიოთ“.

ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველ მატჩში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ამ მხრივ უნდა გავაუმჯობესოთ შედეგი. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ მინიმუმ ორი გოლი უნდა გავიტანოთ, ეს რთული იქნება, მაგრამ ეს ის მატჩებია, რომელშიც თამაში გვინდა. გვინდა პარიზში პატარა სენსაცია მოვახდინოთ და ბედნიერები ვიქნებით თუ ამას მოვახერხებთ“.

სავარაუფო შემადგენლობები:
„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო; გეიე, პარედესი; დი მარია, დრაქსლერი, ნეიმარი; მბაპე
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი; კიმიხი, ალაბა; სანე, მიულერი, კომანი; ჩუპო-მოტინგი

პირველი მატჩი ფრანგებმა მიუნხენში 3:2 მოიგეს და ახლა გაცილებით კარგ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ცხადია, „ბაიერნის“ ჩამოწერა არასდროს არ არის მართებული და ახლაც, ჰანსი ფლაკის გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. „რეკორდმაისტერს“ სერიოზული დანაკლისი აქვს და ცხადია, მთავარი ამბავი რობერტ ლევანდოვსკის არყოფნაა, რომელიც პირველ მატჩშიც ძალიან დააკლდა.
„ბაიერნი“ არც ისე კარგ ფორმაშია. ყოველშემთხვევაში „რეკორდმაისტერმა“ ბოლო ორი მატჩიდან ვერცერთი მოიგო და შაბათს „უნიონს“ შინ დაუზავდა. თუმცა, ისინი უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელებს საკადრო პრობლემები აქვთ და ლევანდოვსკის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც აკლია, მათ შორის, სერჟ გნაბრი. „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ფლიკის ხელმძღვანელობით პირველად ერთი კვირის წინ წააგო და საოცარი სერია შეწყვიტა.
..სტატისტიკა „რეკორდმაისტერის“ წისქვილზე წყალს არ ასხამს, მაგრამ პრობლემები პსჟ-საც აქვს და რაც მთავარია, სჩვევია სერიოზული უპირატესობის განიავება. მაგალითად, პარიზელებმა ორი წლის წინ „მანჩესტერს“ სტუმრად 2:0 აჯობეს, მაგრამ სახლში 1:3 წააგეს. მანამდე, „ბარსელონასთან“ 4:0-იც გაანიავეს. მოკლედ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ყურადღებით ყოფნა მართებს.
პირველი შეხვედრა კილიან მბაპეს ბენეფისი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მიმდინარე სეზონში პლეი-ოფის ყველა მატჩში შეძლო გატანა. ცხადია, ფრანგი დადებითი სერიის გაგრძელებას ეცდება, მითუმეტეს, რომ დიდებულ ფორმაშია.
ეს გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრიან და საინტერესოა, რომ დღემდე ფრე არ დაფიქსირებულა. უპირატესობას კი პარიზელები ფლობენ, რომლებმაც გერმანელებს 6 თამაში მოუგეს და ოთხჯერ დამარცხდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, პსჟ-ს მაინც სარევანშოდ აქვს საქმე, რადგან გასულ სეზონში ფინალში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების შანსი ხელიდან მაშინ სწორედ „ბაიერნმა“ გამოაცალა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.