• სექტემბერი 16, 2021 9:12 pm

დრამატული ელ კლასიკო ,,რეალის” გამარჯვებით დასრულდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის შეხვედრაში ,,ელ კლასიკო” შედგა.

მადრიდში, ,,ალფრედო დი სტეფანოს”. სტადიონზე ერთმანეთს ,,რეალი” და ,,ბარსელონა” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დრამატული გამოდგა და ბოლო წუთამდე გამარჯვებული ბედი გადაწყვეტილი არ იყო.

,,სამეფო კლუბმა” საძულველი მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხა.
დედაქალაქელებმა 2;1 გაიმარჯვეს.

მტერ-მეტოქეების დაპირისპირებაში ანგარიში ,,სამეფო კლუბმა” გახსნა.
ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
ლუკას ვასკესის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბენზემამ ტერ შტეგენის კარში ქუსლით შეაგდო.

28-ე წუთზე ,,რეალმა” სხვაობა ორამდე გაზარდა.
გერმანელმა ტონი კროოსმა ჯარიმიდან იხეირა.

34-ე წუთზე ,,რეალმა” კატალონიელები კონტრიერზე დაიჭირა. ჟუნიორ ვინისიუსის გარღვევის შემდეგ ბურთი ფედერიკო ვალვერდეს მიუვიდა. ურუგვაელის დარტყმული ძელს მოხვდა.

პირველი ნახევრის მიწურულს ლიონელ მესიმ კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია. ტიბო კურტუას კარი გოლისგან ძელმა იხსნა.

ტაიმი დედაქალაქელებმა 2:0 მოიგეს.

მე-60 წუთზე ,,ბარსელონამ” სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ჟორდი ალბას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ოსკარ მინგესამ გადაგზავნა.

76-ე წუთზე ლუკა მოდრიჩის სახიფათო დარტყმა ტერ შტეგენმა კუთხურზე მოიგერია.

ბოლო წუთზე ,,რეალი” კაცნაკლული დარჩა.
მადრიდელებს მსაჯმა ბრაზილიელი კაზემირო გაუძევა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მორიბას დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და მადრიდული გუნდი გოლს გადაურჩა.

საბოლოოდ, ,,რეალმა” პრინციპული დაპირისპირება 2:1 მოიგო და 66 ქულით
,,ატლეტიკოსთან” ერთად ლა ლიგის ლიდერი გახდა.

,,ბარსელონა” კი 65 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

ლა ლიგა
30-ე ტური
მადრიდი, ,,ალფრედო დი სტეფანო”

,,რეალი” 2:1 ,ბარსელონა”
13′ ბენზემა (1-0), 28′ კროოსი (2-0), 60′ მინგესა (2-1)
გაძევება: 90′ კაზემირო (,,რეალი”)

,,რეალი”: კურტუა, ლუკას ვასკესი (42′ ოდრიოსოლა), მილიტაო, ნაჩო, მენდი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (73′ ისკო), ვალვერდე (62′ ასენსიო), ჟუნიორ ვინისიუსი (73′ მარსელო), ბენზემა (73′ მარიანო დიასი)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

,,ბარსელონა”: ტერ შტეგენი, მინგესი, არაუხო (72′ მორიბა) ლენგლე, დესტი (46′ გრიზმანი), ბუსკეტსი (65′ სერხი რობერტო), დე იონგი, ალბა, მესი, პედრი (81′ ტრინკაო), დემბელე (81′ ბრაიტვაიტი)
მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.