• ოთხ. აპრ 14th, 2021

ვილი სანიოლი: ,,საბერძნეთთან 3 ქულის მოპოვება შეგვეძლო”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მსოფლიოს შესარჩევ ტურნირზე საბერძნეთთან განვლილი შეხვედრა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა და მომავალზეც ისაუბრა.

სანიოლი წცხაფებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, გასული კვირით კმაყოფილია. ფრანგი სპეციალისტის აზრით, თამაშიდან გამომდინარე ჩვენს გუნდს საბერძნეთში 3 ქულის მოპოვებაც შეეძლო.

ვილი სანიოლი: დღეს, პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებული უკეთესი თამაში გვქონდა. პირველი მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, დღეს კი, პირველ წუთებში არც თუ ისე კარგად ვმოქმედებდით. თუმცა ვიცოდით, რომ დაღლილობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მესამე შეხვედრა ყველაზე რთული იქნებოდა.
საწყის 20 წუთში, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მატჩის მსვლელობას ჩვენ უფრო ვაკონტროლებდით. ასევე ვთვლი, რომ კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ.

რაც შეეხება შედეგს, ასეთი გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია. თუმცა ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ. ვფიქრობ, თამაში უფრო მეტად, რომ გვეკონტროლებინა და გარკვეულ მომენტებში უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს მოპოვებული ერთი ქულა მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ერთი კვირა ძალიან კარგად ვიმუშავეთ და საწყის ორ შეხვედრაში დიდ გუნდებს დავუპირისპირდით. ამასთან ერთად ვეთამაშეთ საბერძნეთს სტუმრად და აქ ქულის მოპოვება ადვილი არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული კვირით კმაყოფილი ვარ. არ მომწონს, ქულების რაოდენობა, რადგან ვთვლი, რომ ცოტა უფრო მეტი უნდა გვქონდეს. მენტალობა, შრომა და დისციპლინა, რაც ფეხბურთელებისგან ვიხილე, ძალიან მომეწონა.

ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვა ფეხბურთელებიც შევაფასო. იმიტომ, რომ როდესაც მოკლე პერიოდში ზედიზედ სამი შეხვედრის გამართვა გიწევს, უფრო სხვა ფაქტორებზე კონცენტრირდები. აღნიშნულ შეკრებაზე არამხოლოდ ფეხბურთელებს დავაკვირდებით, არამედ ვიმუშავებთ ჩვენს სათამაშო სტილზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსურს ცოტათი უფრო მეტად ვაკონტროლებდეთ თამაშს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ველოდები სექტემბერს, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდეს. ჩვენ შევეცდებით საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.” – აცხადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრებმა საბერნეთთან ფრედ 1:1 ითამაშა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.