მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ტიერი ანრი მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატია.

კატალონიურ კლუბსა და ერნესტო ვალვერდეს შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც ორმხრივი ნების არსებობის შემთხვევაში, კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ამ პუნქტის ამოქმედება სურს, ვალვერდე კი გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.

აქამდე არსებული ცნობებით, ესპანელი სპეციალისტის შეცვლის მთავარი კანდიდატი ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელი რონალდ კუმანი იყო. დღეს, Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება ტიერი ანრი, რომელსაც “ბარსელონაში” თამაშის გამოცდილება აქვს და კატალონიელთა რამდენიმე ფეხბურთელთან მეგობრობაც აკავშირებს.

42 წლის ფრანგმა, ბელგიის ნაკრებში წარმატებით და “მონაკოში” წარუმატებლად მუშაობის შემდეგ, “მონრეალ იმპაკტი” დაახლოებით თვენახევრის წინ ჩაიბარა, მაგრამ “ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ მისი გადმობირება პრობლემა არ იქნება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ