• ოთხ. აპრ 14th, 2021

ეტოუ: “ჩვენი მიზანი ტიტულის მოგებაა”

გორის “დილამ” მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და გუნდი დამსახურებულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. გორელთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის დაცვის ხაზს, სადაც მრავლად არიან გამოცდილი და სტაბილური ფეხბურთელები. ერთ-ერთი მათგანია გორელთა კონგოელი მცველი რომარიკ ეტოუ, რომელიც “დილას” რიგებში მეოთხე სეზონს ატარებს. ჩვენ რომარიკს გორში დავუკავშირდით და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ:

რას იტყვი მიმდინარე სეზონზე? როგორ შეაფასებდი შენი გუნდის სტარტს?

ჩვენ ყველამ ვიცით რომ სეზონის სტარტი ნებისმიერ გუნდისთვის რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანია. თუმცა, მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ სტარტი კარგი გამოგვივიდა და დამსახურებულად ვართ პირველ ადგილზე.

“დილა” სატურნირო ცხრილს ლიდერობს და თან გუნდი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. რა არის “დილას” მიზანი ამ სეზონში”?

მართალია ჩვენ ახლა ლიდერები ვართ მაგრამ ყველაზე რთული სწორედ ამ სტატუსის შენარჩუნებაა, თუმცა ვფიქრობ ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი რომ სეზონის ბოლოსაც სწორედ ამ პოზიციაზე ვიყოთ. შესაბამისად, ჩვენი მიზანი ტიტულის მოგებაა.

როგორი სიტუაციაა გუნდში და რა შეგიძლია თქვა გუნდის ახალ მწვრთნელზე?

გუნდში კარგი და ჯანსაღი სიტუაციაა. ბიჭები ბოლომდე მოტივირებულები არიან და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მწვრთნელს – ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და ყველა ფეხბურთელი ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს მისი მითითებები. ახალ მწვრთნელზე იმის თქმა შემიძლია რომ ის ძალიან მონდომებულაი და ცდილობს თითოეულ ფეხბურთელს ბოლომდე აუხსნას დავალებები.

შენ წლებია რაც “დილაში” თამაშობ. რას იტყვი საქართველოსა და გორელი ფანების შესახებ?

საქართველო და მისი კულტურა ძალიან მომწონს, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ჩვენი ფანები კი ცალკე თემაა – როცა ისინი სტადიონზე არიან ჩვენ მათი მხარდაჭერა ორმაგ ძალასა და მოტივაციას გვაძლევს. ცუდია რომ პანდემიის გამო ისინი მატჩებს ვერ ესწრებიან, მაგრამ იმედი მაქვს სიტუაცია მალე დასტაბილურდება და ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

გუნდს ზაფხულში ევროსარბიელზე მნიშვნელოვანი თამაშები ელოდება. როდიდან დაიწყებს გუნდი კონკრეტულად ამ მატჩებისთვის მზადებას?

წინ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. შემიძლია ვთქვა რომ მზადება მაშინ დაიწყო როცა ჩემპიონატის პირველ ტურში ვითამაშეთ.

როგორ შეაფასებდი საქართველოს ჩემპიონატის დონეს და ვინ მიგაჩნია ჩემპიონატის ფავორიტად?

საქართველოს ჩემპიონატში მეტია ტექნიკური ნიუანსები, მაგრამ ბოლო პერიოდში ფიზიკურ კონდიციებსაც ექცევა ყურადღება. რაც შეეხება ფავორიტებს: მთავარ ფავორიტად “დინამო თბილისი” და ბათუმის “დინამო” მიმაჩნია, თუმცა ჩვენ ჩვენი შანსი აუცილებლად მოგვეცემა და ყველანაირად ვეცდებით გორელი გულშემატკივრების გახარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.