• შაბ. ივლ 31st, 2021

ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორი გახდა

ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში.

„მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მეგობარი შეიძინა. მინდა გამოვხატო როგორც პირადი, ასევე მთელი ბანკის აღფრთოვანება და მხარდაჭერა ამ გოგონების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში, კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის და წარმატებული სეზონისთვის. ქალების გაძლიერება, განსაკუთრებით რეგიონებში, ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიზანს მთელი საქართველოს მასშტაბით.“ – ვასილ ხოდელი, გენერალური დირექტორი „ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“, _ ამბობს დურმიშხან ჩხაიძე, კლუბის დირექტორი.

ლიბერთი 2020 წლიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა – გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.