• შაბ. აპრ 17th, 2021

საბურთალოს განცხადება ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განცხადება გააკეთა პროფესიული ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე, რასაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:

“ხეჩიკაშვილი არის ერთ-ერთი დამფუძლებელი ამ კლუბის. ეს კლუბი ცალკე იურიდიული პირია და მას უნდა ჰკითხოთ, რატომ წყვეტს დაფინანსებას. შეიძლება, ფინანსური პრობლემები აქვს. გასაგებია, რომ კრიზისია, პანდემიაა და, შესაძლოა, რაიმე ფინანსური პრობლემა ჰქონდეს ბინზესიდან გამომდინარე. დიდია ხანი ფედერაციის დავალიანება აქვთ, ასი ათასობით ლარი. ჩვენს ინფრასტრუქტურას იყენებენ, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი სტადიონი და ამის გადასახადს არ იხდიან”.

საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად და ობიექტური სურათის წარმოსაჩენად გვინდა კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ ზემოთ აღნიშნულ კომენტარს:

საბურთალოსა და ტარიელ ხეჩიკაშვილის თანამშრომლობა უკვე ორ ათეულ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში არაერთი კრიზისისა თუ კატაკლიზმების გადატანა მოუხდა ჩვენს ქვეყანას და მიუხედავად ამისა, არც წარსულში და არც ახლა
პანდემიისა და გლობალური კრიზისის ჟამს, კლუბის დაფინანსება არ შეუწყვეტია ბ-ნ ტარიელს, ასე რომ აპელირება რაიმე სავარაუდო კრიზისზე არ მიგვაჩნია მართებულად.

საფეხბურთო საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ საბურთალოს აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ამ მიზნის მისაღწევად კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, გადამზადდნენ მწვრთნელები, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო ტურნირი. ბუნებრივია, ყოველივე ეს მრავალ მილიონიანი ინვესტიციების შედეგად გახდა შესაძლებელი. ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი და აკადემიის განვითარება კვლავ რჩება კლუბის პრიორიტეტულ საკითხად, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ძირითადი პარტნიორების შენარჩუნება.

რაც შეეხება საშინაო არენას – მთავარი გუნდი სარგებლობს “მიხეილ მესხის” არენით, რაშიც იჯარით დაკისრებულ თანხას კლუბი წლებია პატიოსნად იხდის. მოიჯარის და მეიჯარის ურთიერთობა სტანდარტული პროცესის ფარგლებს არ გაცდენია, მაგალითისთვის მოვიყვანთ ბოლო ორი თვის მონაცემებს – იანვარში დასაფარი იყო 70,089 ლარი რაც თებერვლისთვის შევამცირეთ 42,856 ლარამდე. იჯარით გადასახდელი თანხის ზრდა და კლება სტანდარტული პროცესია და მართვას ექვემდებარება. ხოლო საბურთალო წლებია ინარჩუნებს კეთილსინდისიერი მოიჯარის და გადამხდელის სტატუსს. ასე რომ კომენტარში მოყვანილი ფაქტი თითქოს ფედერაციის ინფრასტრუქტურით უფასოდ ვსარგებლობთ და რამოდენიმე ასეულ ათასი ლარი გვაქვს დავალიანება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვფიქრობთ, “საბურთალო” იყო კერძო ინვესტორსა და საფეხბურთო ოჯახს შორის თანამშრომლობის წარმატებული მოდელი და მაგალითი, როგორც სხვა გუნდებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. თუმცა, დღეს შექმნილი მდგომარეობა ერთნაირად აზიანებს, როგორც ჩვენს კლუბს, ასევე მთლიანად ქართულ ფეხბურთს. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია დიალოგის რეჟიმში, კონცენტრირება გაკეთდეს იმ პრობლემების განხილვაზე, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.