• კვი. აგვ 1st, 2021

ზიდანმა საქართველოშიც გაიბრწყინა

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის აუტსაიდერმა ქუთაისის „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მოგება ბოლო მომენტში ხელიდან გაუშვა.

 

თამაშამდე თელაველებისთვის უსიამოვნო ამბავი მოხდა – მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი დაშავდა და გუნდი სათადარიგო მეკარის გარეშე დარჩა. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა „თელავმა“ თამაში კარგად დაიწყო და 38-ე წუთზე ცოტნე კაპანაძის პასით, ლაშა შერგელაშვილმა თავის ყოფილ გუნდს ძალიან ეფექტური თავური გოლი გაუტანა.

ქუთაისელებმა მეორე ნახევარში კარგად ითამაშეს, რაშიც პალესტინელმა ლეგიონერმა, ფადი ზიდანმა დიდი როლი ითამაშა. მუროჯონ ტუიჩიბაევის ფლანგური გადაცემით, ზიდანმა ნახტომში ეფექტური თავური დარტყმით თელაველთა კარი აიღო 1:1. პალესტინელმა თავდამსხმელმა 67-ე წუთზე სტუმრებს მეორედაც გაუტანა. მეჰდი ბუკასის დარტყმული სტუმართა მცველს, ილია ბერიაშვილს მოხვდა და კარის წინ გახსნილ ზიდანს მიუგორდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი დუბლის ავტორი გახდა.

ქუთაისელები პირველი მოგების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, როდესაც დაცვაში მოდუნება ძვირად დაუჯდათ. ლაშა შერგელაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ იმედა აშორტიამ ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

4 ტურის შემდეგ „თელავმა“ 5 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ტორპედომ“ 2 ქულა მოიპოვა და მე-9 პოზიციაზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.