• კვი. აპრ 11th, 2021

ასათიანი: “ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები”

წყალტუბოს “სამგურალი” დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგა 1-ს დაუბრუნდა. გუნდმა ჩატარებულ 3 ტურში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, რაც დაცვის კარგ თამაშზე მეტყველებს. დაცვის ერთ-ერთ ლიდერად ლუკა ასათიანი ითვლება, რომელიც ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შედის. ჩვენ ლუკას წყალტუბოში დავუკავშირდით და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ.

“სამგურალმა” სეზონი სამი ფრით გახსნა. როგორ შეაფასებდი სეზონის სტარტს?

ვფიქრობ სტარტი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეგვეძლო უფრო მეტი ქულის მოპოვებაც. ამის მიუხედავად პროგრესს ვაგრძელებთ და დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

გუნდს არც თუ ისე მარტივი კალენდარი ხვდა წილად. რა იყო გუნდის მიზანი საწყის ტურებში?

საწყის ტურებში ისევე როგორც მთელ სეზონში ერთი მიზანი გვქონდა და გვაქვს. ეს მიზანი არის ყველ მატჩში სანახაობრივი და შედეგზე ორიენტირებული თამაშის ჩვენება, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.

შენ ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყე. როგორია შენი სათამაშო ფორმა?

ვფიქრობ, რაც უფორ დრო გადის ჩემი სათამაშო ფორმის სხვადასხვა კომპონენტები იხვეწება. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და ვგრძნობ რომ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები.

მომდევნო მატჩი გორის “დილასთან” გაქვთ. როგორ მიდის მზადება ამ მატჩისთვის?

“დილას” საკმაოდ კარგი სტარტი გამოუვიდა და ვფიქრობ წინ ძალიან საინტერესო 90 წუთი გველოდება. სიმართლე გითხრათ, “დილასთან” მატჩისთვის განსაკუთრებულად არ ვემზადებით, რადგან ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.

წლევანდლეი სეზონი გრძელი და დამქანცვლეი იქნება. თუმცა “სამგურალს” არც თუ ისე მოკლე სათადარიგოთ სკამი აქვს. როგორ არის გუნდში საქმე ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით?

გუნდში თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია, რაც საწვრთნელ პროცესსაც ეტყობა. სეზონი მართლად დიდია და ყველა ფეხბურთელი მზადაა ნებისმიერ დროს დაეხმაროს გუნდს. გუნდში ყველა ფეხბურთელი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, რაც ჩვენი ფიზ.მომზადების მწვრთნელის ოთო საბანაძის დიდი დამსახურებაა. მან ზუსტად იცოდა თუ რა სახის სამუშაო უნდა ჩაეტარებინა ბიჭებისთვის.

საინტერესოა, ვინ მიგაჩნია წლვეანდელი გათამაშების მთავარ ფავორიტად და რა არის უშუალოდ “სამგურალის” მიზანი ამ სეზონში?

ჯერ რთულია ფავორიტის დასახელება, რადგან ბევრი ტური არ ჩატარებულა. ასე რომ ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება “სამგურალს” – მჯერა ყველა მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ და მინდორზე ღირსეულად გამოვალთ, ეს კი დადებით შედეგს აუცილებლად მოიტანს. ასევე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ როცა გუნდი წყალტუბოში გამართავს საშინაო თამაშებს ეს ყველაფერი მოწინაააღმდეგეს ორმაგ პრობლემას შეუქმნის, რადგან ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ თამაში ყველასთვის მძიმეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.