„საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ დამიძახეს. 2016-ში ჩასულიც ვიყავი. ამის თაობაზე ფედერაციასთან მქონდა საუბარი. მითხრეს, რომ გუნდს ვჭირდებოდი, უნდოდათ დაჩქარებულ რეჟიმში პასპორტი გაეკეთებინათ პრეზიდენტის ბრძანებით. ვიღაც ფიქრობს, რომ ამისათვის ბინებს, ფულს და რაღაცეებს მთავაზობდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. წმინდა სპორტული მომენტი იყო.

საქართველოში ამ თემაზე ბევრს წერდნენ, სხვადასხვა რამეს. იყვნენ ისეთები, ვინც მხარს მიჭერდა და ვინც მაკრიტიკებდა. მწერდნენ ბიჭები საქართველოდან: „ჯიქა, რაც არ უნდა იყოს, სასიამოვნოა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიე. ეს 150 მილიონიანი ქვეყნის ნაკრებია, შენ ქართველი ხარ და ამ გუნდში ირბენ“ (იცინის).

ზოგი წერდა: „სამშობლო გაყიდა, ფული აირჩია“. რუსეთის ჩემპიონატში არსებულ ლიმიტზე აკეთებდნენ აქცენტს, ამბობდნენ, რომ ამის გამო მოვიქეცი ასე. მშვიდად ვიღებდი ამ ყველაფერს. მშობლებმაც მიიღეს ჩემი არჩევანი“, – თქვა ჯიქიამ.