აპრილი 16, 2024

ევროტურნირები ახლოვდება და ლოგიკურია, რომ ქართული კლუბების საფიქრალი სწორედ ევროასპარეზზე წარმატებული გამოსვლაა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “დინამო ბათუმი”, “დინამო თბილისი”, “საბურთალო” და “დილა” რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდებიან.

გთავაზობთ  3 ქართველ ფეხბურთელს, ვინც “დინამო თბილისმა” ზაფხულში უნდა დაიმატოს. ეს მოთამაშეები თავიანთ კარიერასაც გადაარჩენენ და მნიშვნელოვან მატჩებში “დინამოსაც” დაეხმარებიან.

გიორგი ჩაკვეტაძე

ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტს საქმეები კარგად არ მისდის. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ის “ჰამბურგში” იჯარით გადავიდა, რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა, გოლიც გაიტანა, მაგრამ ბოლოს მთავარმა მწვრთნელმა გააკრიტიკა, აღარ ათამაშებდა და “გენტში” დაბრუნება უწევს. მისთვის ახლა მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, “დინამო თბილისი”, ქართული გარემო და კლუბი, სადაც აღიზარდა, მისთვის იდეალური ვარიანტია.

ლევან შენგელია

26 წლის შემტევი ლევან შენგელია “კონიასპორში” კარგად გამოდიოდა და ნაკრებშიც იძახებდნენ, ბელგიურ “ლუვენში” კი ამ სეზონში ჩავარდნა ჰქონდა, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და შეცვლაზე შემოდიოდა ხოლმე. ბოლოს შენგელიამ გოლი თებერვლის თვეში გაიტანა. არადა, მისი ტოპ მატჩები “დინამო თბილისის” მაისურით ყველას კარგად ახსოვს, მათ შორის ევროტურნირებზეც.

ნიკა ნინუა

სადაც ახსენებთ შენგელიას, იქ უნდა ვახსენოთ ნინუა, რადგან ეს ორი ფეხბურთელი თბილისურ კლუბში შესანიშნავ ტანდემს ჰქმნიდა. სამწუხაროდ, ნინუას ევროპული კარიერა ვერ აეწყო, მან თავი ვერც “პაოკში” გამოიჩინა, ვერც “ანორთოსისში”. 2022 წლიდან კი ბერძნულ “ლამიაში” ირიცხება და ამ დროიდან ჯამში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ერთი 13 წუთით, მეორე კი 27 წუთით.

ეს იმ ლეგიონერთა სიაა, რომელთაც გზა სწორედ “დინამოში” კარგი თამაშის შემდეგ გაიკვლიეს, ახლა კი დროა, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდნენ, რათა თავიდან დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *