სექტემბერი 26, 2022

რუსეთის 2020/21 წლების პრემიერლიგა დასრულდა. ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე რუბინმა შინ ქართველი ლეგიონერებით მდიდარ როტორთან ფრედ 1:1 ითამაშა და ევროთასების საგზური მოიპოვა, ვოლგოგრადის გუნდი კი პირველ ლიგაში დაქვეითდა.

სტუმართა რიგებში სასტარტოში დაიწყეს თამაში ზურიკო დავითაშვილმა, ნიკა ყიფიანმა და დინამო ბათუმის ყოფილმა ფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა, საბა კვერკველია კი შეცვლაზე შევიდა.

დავითაშვილი, რომელიც რუბინს ეკუთვნის და 2020/21 წლების სეზონში როტორში იჯარით გამოდიოდა, თავისი კლუბის წინააღმდეგ საკმაოდ აქტიური იყო და ის საიტმა ФНК-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.

“ზურიკო თავისი კლუბის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით გავიდა და მან უბრალოდ აიკლო ფლანგი. ის დაცვაში იხელთებდა ბურთს და შეტევაში სიმწვავეს ქმნიდა – კარგად მიდიოდა დრიბლინგზე, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და ურტყამდა, თუმცა როგორც წესი, მის მცდელობებს სიზუსტე აკლდებოდა. მაგრამ დავითაშვილმა ფლანგი მოიგო, ჟანგბადი გადაუკეტა ზოტოვს და გააჩერა მაკაროვი, რომელიც მხოლოდ შორეული დარტყმებით გამოირჩა. ხვიჩას გაყიდვის შემთხვევაში, ზურიკოს კარგი შანსი ექნება რუბინში ათამაშდეს. ფაქტია: ყაზანში ზურიკოს ანგარიშზე 7 მოგერიება და 4 წარმატებული დრიბლინგი იყო”, – წერს საიტი.

ზურიკოს, რომელსაც როტორთან იჯარა დაუმთავრდა, რუბინთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და რა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით ყაზანელთა მთავარ მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის, ჯერჯერობით უცნობია. თამაშის შემდეგ სლუცკის შეკითხვა დავითაშვილთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

“სატრანსფერო სიახლეებზე კომენტარის გაკეთებისთვის ახლა მზად არ ვარ. ჯერ ცოტა დასვენება მჭირდება, რათა საქმეს ახალი ძალებით შევუდგე”, – აქვეყნებს რუბინის მწვრთნელის სიტყვებს მედია.

ზურიკო დავითაშვილმა ვოლგოგრადის როტორის ღირსება სეზონის 22 მატჩში დაიცვა და აქედან 20-ში თამაში სასტარტოში შემადგენლობაში დაიწყო. 20 წლის ნახევარმცველი გოლითა და საგოლე პასით არ გამორჩეულა. ნახევარმცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.