აგვისტო 19, 2022

 

გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ლეგენდა დაკარგა. 85 წლის ასაკში სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. კინოსა და თეატრში 90-მდე ნათამაშები როლის გარდა, კახი ფეხბურთის დიდი მოტრფიალეც იყო. ალბათ, ფეხბურთის ბევრ ქომაგს ემახსოვრება მისი და ლეგენდარული ბრაზილიელის პელეს შეხვედრა, რომელიც მილანში ლეგენდარულ “სან სიროზე” შედგა. კახიმ თავი ბრაზილიელის ნათლიად წარადგინა და ბრაზილიელს ქართული ნაბადიც შემოახვია. ეს მიშა ჭიაურელს ფილმის – “მე პელეს ნათლია” – ერთ-ერთი ეპიზოდია.

 

ასე იხსენებს კახისა და პელეს შეხვედრას ფილმის კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.

“გზა, გზა! გზა მიეცით მეფეს! იგერიებს კახი რეპორტიორებს. მერე პელესთან მიდის, ცალ თვალს ჩვენსკენ აპარებს და მოულოდნელად გადაეხვევა ფეხბურთის დიდოსტატს. მაყურებელთა მხოლოდ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იცის, თუ ვინაა კახი და რის გაკეთებას აპირებს იგი. თვალნათლივ ჩანს და კამერაც აფიქსირებს პელეს შეცბუნებულ სახეს. რა გასაკვირია, რომ მას კახი გადაეხვია. იგი ხომ მთელ მსოფლიოს უყვარს.

მე ქართველი ვარ. ჯორჯია, ჯორჯია! – უხსნის ჩვენი დონ კიხოტი.

იმის დრო არაა გაგიკვირდეს რა ჯოჯოხეთური მანქანებით მოახერხა კახიმ ამდენი. მეო, მამაშენს ასე ვიცნობდიო, ორივე ხელის საჩვენებელ თითებს უხახუნებს ერთმანეთზე.

საიდან? მომენტალურად უკვირს პელეს.
მამაშენს არაფერი უთქვამს შენთვის ჩემს შესახებ?
არა, რაღაც არ მახსენდებაო.

უჰ, შენ რა გითხარიო – უსწრაფესად უხსნის კახი – ბიჭოო (!?). მე ახალგაზრდობაში ბრაზილიაში ვმუშაობდი, ელექტროტექნიკოსი ვიყავი მაშინ და მამაშენთან, იმ ტკბილ და მურაბა კაცთან რამდენი ჭიქა ამიწევია, მიმიჭახუნებია, დამიცლია, იმდენი… შენ რა გითხარი, შენო.

პელე უძახე შენ და ამის გაგონებაზე მამის გახსენებაზე და კახის სანდომიან, დამაჯერებელ და მომხიბვლავ ღიმილზე გული უჩუყდება, თუმცა გამარჯვებული კახი აღარ აცლის… – ეგ რაა, პატარა რომ იყავი, მოგნათლე, კიდევაც, ნათლია ვარ ბიჭო (!) შენი მე, ნათლია!პელეს გადარევა კულმინაცაის აღწევს.– ნათლია? – არ უჯერებს ყურებს (ალბათ ფიქრობს – ამდენ ხანს სად იყავი, შე კაცოო).კახის გაჩერება მამაღმერთსაც კი აღარ ძალუძს:– ბავშვობაში მე გავარჯიშებდი ფეხბურთშიო, მეო… მეეე-ო!ამხელა დამსახურებას რომ კაცს წყალში ჩაუყრი – პელე გქვია მერე შენ?! – ალბათ ეს გაიფიქრა იმ წუთებში მსოფლიო ფეხბურთის დიდოსტატმა და “ნათლიას” გულამოსკვნილი გადაეხვია.რაც ახლა გიამბეთ, ამის წაკითხვას თქვენ ალბათ 2 წუთ, ჰა, ჰა – 3 წუთი მოანდომეთ, მაგრამ ყოველივე ეს ალბათ უფრო ნაკლებ დროში მოხდა.ტყუილი ყოველთვის არაა მავნებელი. უწყინარი ტყუილიც არსებობს და კახიმ ეს ხუთი თითივით იცოდა. კახის “ფანტასტიკიზმზე” (თუ ასეთი სიტყვა არსებობს), ისიც მეტყველებს, რომ ყოველივე ამის შემდეგ ქართული მეცხვარის ნაბადიც შემოახურა “ნათლულს” მხრებზე და ასე დასრულდა ეს ისტორიული ამბავი”.

70 thoughts on “კახი კავსაძისა და პელეს შეხვედრის ისტორია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.