აპრილი 16, 2024

26 მარტს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უმასპინძლებს. ბერძნული მედია მომავალ დაპირისპირებას ფართოდ აშუქებს.

მეტოქე გუნდი გუშინ საღამოს ჩამოვიდა თბილისში და მისი ფეხბურთელები საკმაოდ მშვიდად და ხალისიანად არიან. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე მოჩანს. მათი გამოცემები კი საქართველოში აჟიოტაჟზე წერენ და სტადიონზე ანშლაგზე ამახვილებენ ყურადღებას. რატომღაც განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას nakrebi.ge-სთან დამაჯერებელმა საუბარმა გააღიზიანა. sportal.gr მიიჩნევს, რომ ქართველი ელადელებს ემუქრება.

sdna.gr აღნიშნავს, რომ ეროვნული გუნდი თავდაჯერებული და ღიმილიანი გაემგზავრა საქართველოში, ურუგვაელი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის მიერ გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელა

დაა და ბრძოლისათვის მზადაა.

იგრძნობა, რომ თავს ფავორიტებად თვლიან, თუმცა ფრთხილობენ. უფრო ოპტიმისტური წერილი Fosonline-მ გამოაქვეყნა:
“ათი წელი დიდ ტურნირებზე მონაწილეობის გარეშე ხანგრძლივი პერიოდია, რომლის დასასრული ახლოვდება! ცხადია, ყაზახეთისგან მარცხს არ ველოდით, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, თუ ასეთი ანგარიშით დავამარცხებდით. მატჩის ასეთი საოცნებო სცენარით განვითარება მოულოდნელი გახლდათ, როდესაც პოიეტმა თავის შეგირდებს ქართველებთან დაპირისპირების წინ, ფაქტობრივად, დასვენების საშუალება მისცა.
თუმცა ახლა ბერძნულ გუნდს უფრო რთული ბარიერის გადალახვა მოუწევს, რამეთუ საქართველო ყაზახეთი არაა, თანაც საკუთარ სტადიონზე ითამაშებს, რომლის ტრიბუნებზე ნემსიც ვერ ჩავარდება. ჩვენ მათზე უკეთესი ნაკრები გვყავს, ეს უდავოა, მაგრამ ყაზახეთის ადვილად ძლევით ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.
არ ვაკნინებთ რა ჩვენი გუნდის დამსახურებას, დიდ ტურნირებზე გასასვლელად კლასით ნაკლები მეტოქეების დაჯაბვნაა საჭირო, როგორც ეს რეჰაგელისა და სანტოსის დროს ხდებოდა და რასაც ახლა პოიეტის მწვრთნელობისას ვხედავთ. შეიძლება ანდრეას ბუშალაკისის უნარების მქონე ფეხბურთელი დაგვჭირდეს, რომ ბურთი სწრაფად ვამოძრაოთ და შევამციროთ ის ზეწოლა, რომელსაც “კვარადონას” გუნდი განახორციელებს.
მოგვენატრა დიდ ტურნირზე ასპარეზობა და მონაწილეობის მიღების დროც დადგა! მთელ ჩვენს პოზიტიურ ენერგიას და განწყობას პოიეტის ბიჭებს გადავცემთ, რათა სამშაბათს თბილისიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ისინი ამას იმსახურებენ, ისინი ვალში არიან პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე. ჩვენ ეს ყველას გვსურს.
წინ, საბერძნეთო…”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *