თებერვალი 21, 2024

ნაპოლისთან ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი ისევ აქტუალური გახდა.

 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ნაპოლის სეზონში ფეხბურთელის ხელფასის სახით 7 მილიონი ევრო მოსთხოვა, თუმცა, მალევე ეს ცნობა კატეგორიულად უარყვეს როგორც ჯუღელმა, ისე რამდენიმე ნეაპოლელმა ჟურნალისტმა.

 

“გაძეტა დელო სპორტი” დღეს წერს, რომ კვარა ნაპოლისთვის პრიორიტეტული გახდა, რადგანაც ხელფასის საკითხი მოსაგვარებელია. წყაროს თანახმად, კვარა და მისი აგენტი ჯერ კიდევ ელოდებიან ზარს კონტრაქტის განსახილველად, რასაც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მას რამდენიმე თვის წინ დაჰპირდა. ნაპოლიში ფიქრობენ, რომ ხვიჩას ხელფასს 3 მილიონიდან ზემოთ გაუზრდიან, რათა ის შეინარჩუნონ. ამგვარად, ცნობილი გამოცემა ვარაუდობს, რომ მალე დე ლაურენტისი ჯუღელს პირადად შეხვდება და ზაფხულამდე მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

 

შეხვედრა მალე უნდა შედგეს – ნაპოლისთვის კვარაცხელია პრიორიტეტია

კვარაცხელიასა და მის კონტრაქტზე წერს ნეაპოლური გამოცემა Il Mattino-ც. სტატიაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არსებობს რეალის, პსჟ-ს, მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარსელონას მხრიდან. შესაბამისად, დე ლაურენტისს მოუწევს არჩევანის გაკეთება – ხელფასის გაზრდა ან ხვიჩას გაყიდვა.

 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მისი ხელფასი სეზონში მხოლოდ 1.3 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მსგავსი სტატუსის მოთამაშისთვის შესაბამისი გასამრჯელო ნამდვილად არ არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *