თებერვალი 21, 2024

როგორც შევიტყვეთ, ბათუმის “დინამო”, შეიძლება, ბევრმა მოთამაშემ დატოვოს. ბევრი უკვე წავიდა კიდეც გუნდიდან. დავინტრესდით, კონკრეტულად ვინ დატოვა გუნდი და აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, წამსვლელთა რაოდენობა 15-მდეც ავიდეს. ისედაც ცნობილი იყო, რომ ჯოვინო ფლამარიონი ფრანგულ “ვალენსიენში” გადავიდა, თორნიკე კაპანაძემ კლუბი კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა…

 

იყო ლაპარაკი, რომ გიორგი წიტაიშვილიც მიდიოდა, მაგრამ მას ბათუმელებთან კონტრაქტი აკავშირებს და რჩება. რჩებიან ვიტინიო და პაატა ღუდშაურიც. ბენჯამინ ტეიდს კი გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

ჯერ არც ის არის ცნობილი, დატოვებს თუ არა გუნდს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ზარია, რომელსაც ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს რომელიმე კლუბთან. გუნდი ამ მიზნით დატოვა ირაკლი ბიძინაშვილმაც.

 

წასულების სიაში არიან მეკარეები გიორგი ბეგაშვილი და ანტონ ჩიჩკანი, მცველები – გოგა ჩაბრაძე, გიორგი რეხვიაშვილი და საშა ბალიჩი, დანიელი შემტევი ალექსანდარ იაკობსენი, თავდამსხმელი მათე ვაწაძე. ამას გარდა, უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო იჯარით კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

 

ბათუმის “დინამოში” ითამაშებს გორის “დილას” სამეული – საყრდენი ნახევარმცველი ალეფ სანტოსი, მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა და გარემარბი ონორე გოისი, თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ბარნს ოსეი, მოლაპარაკება მიმდინარეობს თბილისელთა კაპიტან დავით სხირტლაძესთანაც.

 

რაც შეეხება ლეგიონერებს, მოლაპარაკება მიმდინარეობს ტირასპოლის “შერიფის” 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან. გუნდი ორი თავდამსხმელს ელაპარაკება – ჩრდილოეთ მაკდონიის ნაკრების ფორვარდს, ასევე, ტოგოს ნაკრების თავდამსხმელ ულოგე პლაკას, რომელიც ამჟამად სოლიგორსკის (ბელარუსი) “შახტიორში” თამაშობს.

 

გუნდში რჩება მეკარე როინ კვასხვაძე, რომელსაც კონტრაქტს გაუგრძელებენ, ხოლო იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ “სამტრედიიდან” დაბრუნდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი.

 

მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება თავად დემჩენკო, რომლის 2-წლიანი კონტრაქტიც იმ შემთხვევაში გაწყდებოდა, თუ ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ვერ მოიპოვებდა.

 

ამასობაში, უკრაინელმა მწვრთნელმა ორი შეკრება დაგეგმა და ორივე – თურქეთში: პირველი იქნება 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე, ხოლო მეორე – 6-22 თებერვალს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *