თებერვალი 21, 2024

27 სექტემბრის შემდეგ “ნაპოლის” საკუთარ მოედანზე გამარჯვება არ ჰქონდა და “ბრაგასთან” (2:0) ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა ეს ნავსი გატეხა. იქნებ, ვალტერ მაცარიმ და მისმა ფეხბურთელებმა წლის ბოლომდე სიტუაციის გამოსწორება და ხასიათზე მოსვლა იტალიის ჩემპიონატშიც მოახერხონ, სადაც მომდევნო ორი მატჩი შინ აქვთ, “კალიარისა” და “ფროზინონესთან”. ნეაპოლელთა თამაშში გარკვეული პოზიტიური სიახლეები შეინიშნებოდა, მით უმეტეს, მოწინააღმდეგე ძალიან სუსტების კატეგორიიდან არ ყოფილა.

 

იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა დომინანტურად დაიწყეს, მინდვრის შუაში კი ისე მოქმედებდნენ, “ბრაგას” კონტრშეტევების საშუალებას არ აძლევდნენ, თავად ტემპს აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური სქემა

კვლავ არ შეცვლილა, მარცხენა ფლანგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, შეუდარებლად აქტიური იყო. ნათანი, საერთოდაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე გოლის ეპიზოდში კარგად გამოჩნდა, ქართველი გარემარბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ფრთაზე აქტიური პარტნიორი ჰყავდეს, რომელიც ზონებს მეტად გახსნის და 77-ე ნომერსაც იმპროვიზაციის საშუალებას მისცემს.

 

Sportall.Ge

 

რაც შეეხება “კვარას” – მის შეჩერებას ხშირად კვლავ სიხისტის ზღვარზე ცდილობენ. ჩვენებურმა საკუთარი არსენალის გაზრდაზე კიდევ უფრო უნდა იმუშაოს, ამისთვის თანაგუნდელებიც მეტად დაეხმარონ. საგოლე ეპიზოდი კვლავ შეექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა… კარგია, რომ მწვრთნელი ხვიჩას მაქსიმალურად ეხმარება და მინდორზე ისევ 90 წუთი დაჰყო (ბოლო შვიდ თამაშში მეექვსედ), ამავდროულად კი, მაცარიმ საკუთარი გუნდის ასე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად უნდა გააანალიზოს და ფიზიკური ძალებიც იდეალურად გადაანაწილებინოს. როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით ამუშავდება, კიდევ უფრო მეტი უნდა ვნახოთ!..

 

“ნაპოლის” იტალიური მიზანი წელს ოთხეულია, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი მაქსიმალურად შორს წასვლის იმედი ექნებათ. მერვედფინალების წილისყრა 18 დეკემბერსაა, შეხვედრები – თებერვალში. კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეებია: “ბაიერნი”, “არსენალი”, “რეალ სოსიედადი”, “მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონა”. გასარკვევი მხოლოდ 2 ვარიანტია – “დორტმუნდი” ან პსჟ და თუკი “ატლეტიკო” “ლაციოს” აჯობებს. სხვა იტალიური კლუბებიდან “ინტერმა” ასევე მეორე ადგილი დაიკავა, “მილანი” კი მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული არაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *