აიაქსს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგული აქვთ, მათ შეუძლიათ კონფერენსლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვონ, ამისთვის კი, სახლში აეკ-ი უნდა დაამარცხონ.
მატჩის წინ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ბრაიან ბრობისა და სტივენ ბერგვინზე ისაუბრა, რომელთაც ტრავმები აქვთ და შესაძლოა, აეკ-თან შეხვედრა გამოტოვონ.
“ბრობი ჯერ კიდევ უნდა შევამოწმოთ. ორი დღე გვაქვს და ამ დროში ზოგიერთი ფეხბურთელი გამოჯანმრთელებას ასწრებს. ბერგვინი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის ხუთშაბათს მოედანზე იქნება”, – აღნიშნა აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა.
ნიდერლანდურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბრობის ტრავმა, შესაძლოა, ამსტერდამელების ქართველი ფორვარდისთვის, გიორგი მიქაუტაძისთვის შანსი იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 23 წლის თავდამსხმელს აიაქსში ძირითადად 10 ნომრის პოზიციაზე ათამაშებენ, ამჯერად, ის მთავარმა მწვრთნელმა, შესაძლოა, ფორვარდად დააყენოს.