Finspot-მა “შპს საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის” 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა წელი ₾53 მილიონიანი ზარალით დაასრულა.
2022 წელს, “დინამო თბილისის” შემოსავლებმა ₾9 მილიონი შეადგინა. აქედან ₾4.4 მილიონი ფეხბურთელების ლიცენზიების გაყიდვიდან, ₾2.5 მილიონი კი სტადიონის იჯარიდან დაგენერირდა.
საოპერაციო ხარჯებმა ₾21 მილიონი შეადგინა, საიდანაც ₾13 მილიონი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. წინა წლების მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში კომპანიის შემოსავლები ხელფასების გასაცემადაც კი არ არის საკმარისი.
იმის გამო, რომ კომპანია წლების განმავლობაში საოპერაციო ზარალზე ოპერირებს, დაგროვილმა ზარალმა ₾53 მილიონი შეადგინა 2022 წლის ბოლოს. შესაბამისად, კომპანია საჭიროებს მნიშვნელოვან დაფინანსებას, რომელსაც ძირითადად სესხის სახით იღებს დაკავშირებული მხარისგან და/ან კომერციული ბანკისგან. თუმცა ეს დაფინანსებაც ხშირად არ არის საკმარისი. მაგალითად, შექმნილი ფინანსური პრობლემების ფონზე, 2020 წელს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” საკუთრებაში გადაეცა დინამოს ₾8.3 მილიონის ღირებულების ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობები).