
საფეხბურთო კლუბ ვალენსიაში უკმაყოფილონი დარჩნენ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალზე გამოყენებული ფოტოთი, რომელმაც ესპანური კლუბის აზრით, მათი ღირსება შელახა.
საუბარია ეპიზოდზე, როდესაც სცენაზე რეალის ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი ავიდა, დიდ ეკრანზე კი გამოისახა ფოტო ვალენსიასა და რეალის მატჩიდან, რომელთანაც რასისტული სკანდალი ასოცირდება, “ღამურების” ფეხბურთელებიდან კი გიორგი მამარდაშვილისა და ერაი კომერტის ამოცნობა შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ვალენსიამ ლა ლიგაში რეალს 1:0 სძლია, თამაში კი სკანდალური გამოდგა, რადგანაც მასპინძელი ფანები ვინისიუსს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფდნენ. ბრაზილიელს კონფლიქტი მამარდაშვილთანაც მოუვიდა, თუმცა, იმ შემთხვევაში რასიზმი არაფერ შუაში ყოფილა.
პარიზში გამართულ დაჯილდოებაზე ვინისიუსს “სოკრატესის პრიზი” ერგო, რომელიც იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობითა და სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევიან. აღინიშნა, რომ ბრაზილიელი სამშობლოში საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც ღატაკ ბავშვებს ეხმარება და ფეხბურთში რასიზმთან შეუპოვარი მებრძოლიცაა. დიდ ეკრანზე კადრი ვალენსია-რეალის მატჩიდან სწორედ ამ ფონზე გამოჩნდა.
“საფეხბურთო კლუბ ვალენსიას იმ მატჩში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მყისიერი და მკაცრი რეაგირება ჰქონდა, ამდენად, გაუგებარია რასიზმთან დაკავშირებით ისეთი ფოტოს გამოყენება, სადაც მკაფიოდ სჩანს ჩვენი გუნდის მაისური, ლოგო და ვხედავთ ჩვენს ფეხბურთელებს – კომერტსა და მამარდაშვილს. ჩვენ ვაფასებთ იმ საქველმოქმედო საქმიანობას, რომლითაც ვინისიუსი არის დაკავებული და მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, თუმცა, ასევე ვითხოვთ მაქსიმალურ პატივისცემაც ვალენსიას და მისი ქომაგების მიმართ”, – ნათქვამია ესპანური კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მთავარი პერსონა კვლავაც ლიონელ მესი გახდა, რომელმაც მთავარი ჯილდო უკვე მერვედ მიიღო, ვინისიურ ჟუნიორი მე-6 ადგილზე გავიდა.