ოქტომბერი 1, 2023

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე სამარცხვინო მარცხი განიცადა. “ჯვაროსნებმა” ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:7 წააგეს.

 

“დინამო არენაზე” გამართული მატჩის მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე შეაგდეს – თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა. რაც შეეხება “ფურია როხას”, მათ პირველ ტაიმში 4-ჯერ აიღეს გიორგი მამარდაშვილის კარი, მეორე ტაიმში კი 3 გოლი გვაკმარეს.

 

გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ეს გახლავთ ყველაზე დიდი მარცხი საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

 

აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა, რომლითაც ქართველები იყვნენ დამარცხებულნი, 5 გოლი გახლდათ. 1996 წელს რუმინეთმა მოგვიგო 5:0, 2005 წელს კი დანიამ იმარჯვა – 6:1.

 

ცხადია, “დინამო არენაზე” მსგავსი წაგება “ჯვაროსნებს” აქამდე არასდროს ეგემათ.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეჯგუფში ვილი სანიოლის გუნდს სულ 4 ქულა აქვს და მხოლოდ კვიპროსის ნაკრებს უსწრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *