
საქართველოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ,,თბილისის დინამო” და ,,ბათუმის დინამო” დაუპირისპირდა. მოგეხსენებათ, სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი წელს პირველად ჩატარდა განახლებული ფორმატით.
ფინალური მატჩი დინამო არენაზე გაიმართა. პირველ ტაიმში უკეთესად ,,ბათუმის დინამო” გამოიყურებოდა და რამდენიმე რეალური მომენტის შექმნაც მოახერხა. მატჩის 25-ე წუთზე ივან ლიტვინენკოს ასისტით ანგარიში ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, რომლის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა პირველ ტაიმში.
შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ სიგუამ ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის 77-ე წუთზე მოახერხა. მატჩის მიწურულს კარგი შანსი ჰქონდათ ბათუმლებს, თუმცა ,,თბილისის დინამოში” ახალდაბრუნებულმა გიორგი ლორიამ ბრწყინვალე ბურთი მოიგერია. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.
თერთმეტმეტრიანების შესრულება ,,თბილისის დინამოს” ფეხბურთელებმა უკეთ მოახერხეს, გადამწყვეტი პენალტი კი გაბრიელ სიგუამ გაიტანა. თბილისელებმა სუპერთასის მოგება მეცხრედ მოახერხეს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ,,გორის დილა” ქუთაისში ,,ტორპედოსთან” დამარცხდა”