
ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი დებიუტის შემდეგ ევროპული საფეხბურთო პრესა ქართველ ტალანტებზე აქტიურად წერს. ნეაპოლურმა გამოცემა UCN-მა ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩას ტყუპისცალადაც მოიხსენია.
“კვარაცხელიამ სერია A-ში შთაბეჭდილება პირველსავე სეზონში მოახდინა და მასზე თვალი ევროპის საუკეთესო კლუბებს უჭირავთ. ქართველ ტალანტზე წინადადებები მრავლადაა, მაგრამ დე ლაურენტისი მათ უარით ისტუმრებს. ნაპოლის მფლობელი სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებს და საამისოდ გუნდის მთავარი ფიგურების შენარჩუნება სჭირდება. კვარას და ოსიმენის ოქროს დუეტმა კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა. ახლა მსოფლიოს მრავალ კლუბს სურს, გამოიყენოს ჯუნტოლის ტაქტიკა და სცადოს ქართველი ტალანტის აღმოჩენა. ერთ-ერთი მათგანი კვარაცხელიას “ტყუპისცალია. ეს 22 წლის გიორგი მიქაუტაძეა. ის თანამედროვე თავდამსხმელია, რომელსაც შეტევის მთელ ფრონტზე მოქმედება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ არის, კარგად იბრძვის მეორე სართულზე და ზუსტად ურტყამს თავით. მისი საუკეთესო იარაღი კი ძლიერი და მოჭრილი დარტყმაა, რომელიც მას მეტოქის კართან დაუნდობელს ხდის. მას თავისი გოლებით მეცი ლიგა 1-ში დაწინაურებისკენ მიჰყავს. კვარაცხელიასთან ერთად ის თავის ეროვნულ ნაკრებშიც საკვანძო მოთამაშეა. მეცს მისი შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურს.“
შეგახსენებთ,რომ მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 22 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.