სექტემბერი 24, 2023

აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშე

 

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში აპრილის საუკეთესო მოთამაშე გახდა. “მეცის” ქართველი ფორვარდი რჩეულ ოთხეულში ფრანგულ ინტერნეტპორტალ MaLigue2.fr-ს ჰყავდა დაასახელა.

 

მიქაუტაძის გარდა, გასული თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე წარდგენილები იყვნენ ილან ქებალი (ნახევარმცველი, “პარი”), ჯოშ მაჯა (ფორვარდი, “ბორდო”) და ნილს ნკუნკუ (მცველი, “სენტ ეტიენი”).

 

საუკეთესოები ლიგა 2-ის 29-ედან 33-ე ტურის მატჩების მიხედვით შეარჩიეს. MaLigue2-ის ცნობით, ფეხბურთელები გამოცემის სამმა რედაქტორმა ერთმანეთთან კონსულტაციის გარეშე წარადგინა, ხმის მიცემა კი შაბათს, 6 მაისს, 13:00 საათზე დასრულდა.

 

“5 თამაშში 6 გოლი. შეგვეძლო, აქ გავჩერებულიყავით, რათა აპრილში მიქაუტაძის ტოპოთხეულში ყოფნა გაგვემართლებინა. მაგრამ ეს მიქაუტაძის დამსახურებებს სრულად ვერ ასახავს. საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელი უბრალოდ შეუჩერებელია და აპრილში, “პოს” გარდა (რომელთან შეხვედრაც 1:1 დასრულდა), ყველა მეტოქეს გაუტანა…

 

ეს შემდეგზე მოწმობს – როცა მიქაუტაძეს გააქვს, “მეციც” კარგად თამაშობს. და თუ გუნდს ლიგა 1-ში გადასვლის ამბიცია აქვს, ამის კარგი შანსიც გააჩნია, ეს ქართველი თავდასხმელის დამსახურებაა. არ დავივიწყოთ მიქაუტაძის შემოქმედებითი ასპექტი და გოლების გატანაში თანაგუნდელების დახმარების უნარიც – იმის მიუხედავადაც, რომ აპრილში საგოლე პასი არ გაუკეთებია”, – წერს MaLigue2.fr.

 

კარში დარტყმებშიც ლიდერობს

 

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგაში 2-ში ყველაზე აგრესიული თავდამსხმელია, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს – “მეცის” 22 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში კარში და კარისკენ ყველაზე მეტჯერ დაარტყა. ინფორმაციას ამ შემთხვევაშიც Maligue2 ავრცელებს.

 

“ის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი შემთხვევით არ არის. “მეცის” თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში უკვე 22 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავის მოგებას უახლოვდება. საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლიგა2-ში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ (91) და ყველაზე მეტჯერ (34) მოახვედრა ბურთი კარის ჩარჩოში”, – წერს Maligue2.

 

ტოპ 5 მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ

 

  1. მიქაუტაძე (მეცი) 91 დარტყმა
  2. ვაისბეკი (სოშო) 86
  3. სისოკო (სოშო) 83
  4. მენდი (კაენი) 80
  5. ბიჰანი (დიჟონი) 73

ტოპ 5 მოთამაშე, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ დაარტყეს კარში

 

  1. მიქაუტაძე (მეცი) 34 დარტყმა
  2. მაჯა (ბორდო) 33
  3. კრასო (სენტ ეტიენი) 32
  4. ბუტობა (ნიორი) 32
  5. გილავოგი (პარი) 31

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *