აპრილი 16, 2024

ფაბიო კაპელოს ფეხბურთში მთლად ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ დაეჯერება. “მილანი”-“ნაპოლის” საჩემპიონთალიგო წყვილში შანსების შეფასებისას ლეგენდარულმა სპეციალისტმა ასეთი რამ თქვა:

 

“შანსები თანაბარი მგონია, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორ ოსიმენი არ ითამაშებს, ხოლო თუ გამოჯანმრთელდება და მოედანზე გასვლას მოახერხებს, “ნაპოლის” შანსები 55 პროცენტამდე გაიზრდება”.

 

რა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტიმ უკეთ იცის, რას ნიშნავს მისი გუნდისთვის ვიქტორ ოსიმენი, თუნდაც მისი და ხვიჩა კვარაცხელიას ტანდემი, რომელმაც მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მიერ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 91 გოლიდან 57-ში მიიღო მონაწილეობს.

 

სადღეისო მდგომარეობა ასეთია – ცალსახად გადაწყვეტილი არ არის, რომ ოსიმენი “მილანთან” მატჩს გამოტოვებს, უფრო პირიქით, მეტი შანსია, რომ ითამაშოს.

 

ორშაბათს დილიდან ის გუნდისგან განცალკევებით, ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა. ვიქტორი დაჟინებით ითხოვს მოედანზე გასვლას, თუმცა ცნობილია, რომ “ნაპოლი” არ გარისკავს ფეხბურთელის ჯანმრთელობით, თუკი ტრავმის გამიზეზების თუნდაც ოდნავი საშიშროება იქნება.

 

ასე რომ, ყველაფერი გადაწყდება სამშაბათს, როცა 24 წლის ნიგერიელ ფორვარდს კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაუტერებენ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან სრული დატვირთვით ივარჯიშა. “მილანი”-“ნაპოლის” მატჩი კი 12 აპრილს “სან სიროზე” 23:00 საათზე დაიწყება. მატჩს 38 წლის რუმინელი არბიტრი იშტვან კოვაჩი განსჯის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *