ივნისი 7, 2023

ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გარშემო საუბრები არ წყდება. ამჯერად მასზე იტალიური გამოცემა Goal Italia ალაპარაკდა.

იტალიური გამოცემის სტატიაში საინტერესო ისაა, რომ ყურადღება კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს დაუთმეს. რა თქმა უნდა, წერილში ხვიჩა კვარაცხელიაზეც არის ლაპარაკი:

„ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ არის სერია A-ს ყველა დიდი სიურპრიზი. „დინამო ბათუმიდან“ მოსულმა ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატს ტორნადოსავით გადაუარა და თავიდანვე სპალეტის „ნაპოლის“ ნამდვილ ლიდერად იქცა. ნეაპოლელთა 77-ე ნომერი ერთადერთი არ არის, ვინც ევროპას აჯადოებს. მისი თანამემამულე, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში ბრწყინავს და უკვე ევროპის რამდენიმე კლუბი დაინტერესებულია. ესპანური მედია საუბრობს პრემიერლიგიდან ძლიერ ზეწოლაზე, სადაც „ჩელსის“, „ტოტენჰემს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ. ზაფხულში ის ახლოს იყო „აიაქსში“ გადასვლასთან, რომელიც მზად იყო გამოსასყიდი თანხა, 25 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ მეკარე „ვალენსიაში“ დარჩა, კონტრაქტი გაახანგრძლივა და ახლა მისი გამოსასყიდი თანხა ოთხჯერ მეტია – 100 მილიონი ევრო. პრემიერლიგამ მოქმედება დაიწყო, გიორგი მამარდაშვილისთვის რბოლა ახლახან დაიწყო“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილით არაერთი კლუბია დაინტერესებული. ბოლო ინფორმაციით, ქართველი მეკარით “ჩელსი” ინტერესტდება. არ არის გამორიცხული, ქართველი მეკარე არისტოკრატულ გუნდში ამ ზაფხულსვე ვიხილოთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.