ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მორიგი გოლი გაიტანა.
ნეაპოლური გუნდი ჩვეულად დებიუტიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ხვიჩამ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს, დრიბლინგით საჯარიმოს მიუახლოვდა, მცირე პაუზა დაიჭირა და თქვენი მოწონებული გაუტანა კონსილის. საპასუხო შეტევისას ლორიანტეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ უკვე ოსიმენი გაექცა მეურვეს და ამჯერად ძელმა მასპინძლები იხსნა. თუმცა, ნიგერიელმა მაინც გაიტანა – მახვილი კუთხიდან, როდესაც მეკარე ამას არ ელოდა. მან იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა და
1994/95 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ცოტა ხანში კვარაცხელიამ ვიქტორს პასი გაუკეთა და მან ბურთი თავით ააცილა მიზანს. მერე ლორიანტეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში თავიდან ნეაპოლელთა უპირატესობა უდიდესი იყო: ქართველმა ოსიმენი კონსილის პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა; ოსიმენს გატანა კონსილიმ არ დაანება; ხვიჩა 78-ე წუთზე შეცვალეს; კომპენსირებულ დროში სიმეონემაც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი „ინტერი“ 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ „უდინეზეს“ უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე „ემპოლის“ შეხვდება.
. „კვარამ“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენის ანგარიშზე 18 გოლია – ტოპ-ლიგებში მასზე მეტი მხოლოდ ჰოლანს აქვს გატანილი (22).
. “ნაპოლიმ” ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა – ბოლო 19-დან 18 საერთო ანგარიშით 46:12 მოიგო.