
ნეაპილურმა ვებგვერდმა MondoNapoli-მ ცნობილი გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის სტატიიდან ნაწყვეტი გაავრცელა. ამონარიდიდან ვიგებთ, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიანო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
“ქართველ ფეხბურთელს “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. ცხადია, 2027 წლამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ხელშეკრულებასთან შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს. კვარა ახლა სეზონში 1.2 მილიონ ევროს იღებს, რაც საგანგაშოა. მით უფრო იმ ფონზე, რომ ამ ბიჭით ევროპის წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებულნი.
სწორედ ამიტომაა, რომ აურელიანო დე ლაურენტისმა კვარასთვის ხელფასის გაორმაგება განიზრახა (დაახლოებით, 2.5 მილიონ ევრომდე).
პრეზიდენტს სურს ხვიჩას კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაც, რათა იგი მსურველთათვის კიდევ უფრო მიუწვდომელი გახადოს,” – ვკითხულობთ სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” მომდევნო მატჩი “კრემონეზესთან” ელოდება. სერია ა-ს 22-ე ტურის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.