
უნგრული “ფეჰერვარის” სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰაშმა დაადასტურა, რომ ბუდუ ზივზივაძის გუნდიდან წასვლა გარდაუვალია.
იუჰაშის თქმით, “ფეჰერვარში” ქართველ თავდამსხმელს აღარ ელოდებიან. მსგავსი განაჩენი გამოუტანეს კლაუდიო ბუმბას, არტიომ შაბანოვს და ევგენი მაკარენკოსაც, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ უკვე იციან.
“ზივზივაძემ დანაშაული ჩაიდინა. ეს მიუღებელია. იგი კლუბიდან უნდა წავიდეს და შეკრებაზე აღარ ველით,” – განაცხადა სპორტულმა დირექტორმა კლუბის გულშემატკივრებთან საჯარო შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ ბუდუს “ფეჰერვარში” საქმეები გასული წლის ოქტომბერში, “უიპეშტთან” მატჩის შემდეგ აერია. თავის ყოფილ გუნდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ზივზივაძემ “უიპეშტის” მაისური გადაიცვა და გულშემატკივრებს მიესალმა. სწორედ ამ მიზეზის გამო დააქვეითეს ფორვარდი მეორე გუნდში, სადაც მან 2 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო, მაგრამ მერე მხრის ტრავმა მიიღო.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ზივზივაძე ჯერ “ჰაპოელ ბერ-შევას”, შემდეგ კი პოლონურ “ზაგლებიეს” დაუკავშირეს. ითქვა ისიც, რომ პოლონელებს ბუდუს ღირებულება ეძვირებათ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბუდუმ “ფეჰერვარის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 6 გოლი და 1 ასისტი მოაგროვა.