
საქართველოს ეროვნული ლიგის დაწყებამდე დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი და ელიტაში დაბრუნებული ქობულეთის შუქურას ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია. ძირითად გუნდში მოქმედი კონტრაქტი მხოლოდ 11 ფეხბურთელს დარჩა. მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის ხელფასები კლუბს გადასახდელი აქვს. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პრეზიდენტ აიეტ კუკავას გადაწყვეტილებით, გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე გათავისუფლდა.
დღეს ქობულეთში აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გუნდის გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს. მერიის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებს ქალაქის მერი, ლევან ზოიძე შეხვდა და შეკრებილებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
შუქურაში მიმდინარე მოვლენებზე კლუბის ყოფილ დირექტორს, გათავისუფლებულ მწვრთნელს, ასევე რევაზ ჩელებაძესაც ვესაუბრეთ და პრეზიდენტის პოზიციითაც დავინტერესდით. ყოფილი დირექტორის, ირაკლი ბერიძის განცხადებით, კლუბის პრეზიდენტი აღებულ ვალდებულებებს არც დასაქმებულების მიმართ ასრულებს და არც სახელმწიფოს მიმართ.
…დავალიანებაზე: “დეკემბერში მე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მწვრთნელები, გუნდის კაპიტანი და ვიცე კაპიტანი შევხვდით კლუბის პრეზიდენტ აიეტ კუკავას. გავითვალისწინეთ მისი ფინანსური მდგომარეობა, რომ არ შეეძლო არსებული დავალიანების სრულად დაფარვა და შევთანხმდით, რომ 2022 წლის 30 დეკემბრისათვის ფეხბურთელებს 1,5 თვის ხელფასს გადაუხდიდა, ხოლო სხვა თანამშრომლებს მინიმუმ 1 თვის დავალიანებას დაუფარავდა. იმ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ თუ 30 დეკემბრისთვის დაპირებული თანხები არ ჩაირიცხებოდა, 2023 წლის იანვარში სრული დავალიანების დაფარვამდე გუნდი აღარ შეიკრიბებოდა. შეთანხმება კლუბის პრეზიდენტმა არ შეასრულა. ახლა ფეხბურთელები მოედანზე მანამ არ აპირებენ გასვლას, სანამ კუთვნილ გასამრჯელოს ყველა სრულად არ მიიღებს. მინდა ისიც ვთქვა, რომ 2021 წლის დეკემბერშიც იგივე პრობლემა გვქონდა და თანამშრომლებს 2 თვის ხელფასი ვერ დავურიგეთ.”
…დირექტორის პოსტის დატოვებაზე: “2022 წლის დეკემბერში სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დავწერე. გადაწყვეტილების მიღების მიზეზები ნათლად მივუთითე. აღვნიშნე, რომ კლუბში არაჯანსაღი სიტუაცია იყო, დავალიანებები არ გახლდათ დაფარული. იმასაც დავამატებ, რომ ჩემი ნაბიჯი ერთგვარ პროტესტსაც წარმოადგენდა, რადგან ჩემი სტატუსი მავალდებულებდა, არსებულ ვითარებას საჯაროდ დავპირისპირებოდი. აღსანიშნავია ის, რომ დღემდე, აიეტ კუკავას კლუბიდან წასვლის შესახებ ჩემი განცხადება არ დაუკმაყოფილებია. ამის მიუხედავად, 2023 წლის 12 იანვარს პრეზიდენტმა მიმართა საჯარო რეესტრს და კლუბის დირექტორად ირაკლი ბერიძის ნაცვლად აიეტ კუკავა ფიქსირდება. ვერ წარმოვიდგენდი, დირექტორად საკუთარ თავს თუ დაინიშნავდა. მგონია, რომ პრეზიდენტობა და დირექტორობა კლუბის ფუნქციონირებისათვის ერთმანეთთან შეუთავსებელი საქმიანობაა და მგონია, რომ შუქურას სამომავლო განვითარებაში ეს ნაბიჯი პრობლემას შექმნის.”
‘მწვრთნელის გაშვებაზე უფრო საგანგაშოა ის მიზეზები, რაც კლუბის პრეზიდენტმა რევაზ გოცირიძის გათავისუფლების საფუძვლად დაასახელა’ – ირაკლი ბერიძე
…შუქურას თბილისში გადაყვანაზე: “ცალკე აღსანიშნავია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ შუქურამ სხვა ქალაქში ითამაშოს. საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენელი გუნდები ვერ თამაშობენ საკუთარ ქალაქებში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე საუბრის დროს ქალაქის საფეხბურთო ლეგენდა რევაზ ჩელებაძეს, რომელმაც კლუბის პრეზიდენტს შუქურას ქალაქში დატოვება და ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა მოსთხოვა, აიეტ კუკავამ რევაზ ჩელებაძის სახელობის სტადიონზე არსებული ოფისის დატოვება მოსთხოვა და იქ მისვლა აუკრძალა. მართალია, ‘ჩელემ’ შესაბამისი პასუხი გასცა, მაგრამ თავად ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.”
…რევაზ გოცირიძის გაშვებაზე: “წარმოუდგენელი იყო გუნდიდან იმ მწვრთნელის გაშვება, რომელმაც შუქურა უმაღლეს ლიგაში დააბრუნა. თავად ამ ნაბიჯზე უფრო საგანგაშოა ის მიზეზები, რაც კლუბის პრეზიდენტმა რევაზ გოცირიძის გათავისუფლების საფუძვლად დაასახელა. ერთის მხრივ ასახელებს “მატჩების ფალსიფიცირებაში მონაწილეობის მიღებას” და ასევე ისეთი ინტერვიუს მიცემას, რომელმაც კლუბს ზიანი მიაყენა. ჯერ ერთი, გოცირიძეს ასეთი ინტერვიუ არავისთვის მიუცია, პლუს არც არსად გამოქვეყნებულა. მერე მეორე: თამაშების ფალსიფიცირებაში მონაწილეობის მიღება ისეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებაა, რომლის ავტორებმაც ამ ცილისწამებაზე პასუხი უნდა აგონ.”
…მმართველ კომპანიაზე: “ალიანს ჰოლდინგი საფეხბურთო კლუბ შუქურას მესაკუთრე არ გახლავთ, მას სახელმწიფო ფლობს. ამ კომპანიას შუქურა მართვაში 25 წლის ვადით გადაეცა, 3 წელი უკვე გასულია. ალიანს ჰოლდინგს სახელმწიფოსთან აქვს აღებული რამდენიმე ვალდებულება: ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლუბის სრული ფუნქციონირება, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და აღორძინება, ინფრასტრუქტურის განვითარება, კლუბის სისტემატური განვითარება. აღნიშნული ვალდებულებები მმართველ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ დარღვეული აქვს.”
აქცია ქობულეთში
…აქციაზე: “20 იანვარს ქობულეთში გულშემატკივრებმა კლუბის გადასარჩენად აქცია მოაწყვეს. ამ მსვლელობას მეც შევუერთდი და მომავალში მის ორგანიზებაშიც ჩავერთვები. პირდაპირ ვიტყვი, ამ აქციებში ჩართვის მიზანი კლუბში დირექტორად დაბრუნება არაა, ეს ჩემი ქალაქია, შუქურა ჩემი კლუბია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი გადარჩენა შევძლო. ქალაქის მერისგან მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება შუქურას გადარჩენის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც კლუბში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. ლევან ზოიძემ განაცხადა, რომ აიეტ კუკავასთან აქვს კომუნიკაცია და მისგან მიიღო პირობა, რომ უახლოეს ვადებში მოხდება არსებული დავალიანების დაფარვა და გუნდი საწვრთნელ პროცესს დაიწყებს.”
რაც შეეხება რევაზ გოცირიძის გათავისუფლებას: მიზეზების გასარკვევად კუკავას წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც კლუბის ოფიციალური განცხადება გამოგვიგზავნა. აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “გუნდის მენეჯმენტსა და მწვრთნელს შორის ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე აზრების კარდინალური განსხვავება დაფიქსირდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მიეღო მტკივნეული გადაწყვეტილება რევაზ გოცირიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. კლუბი მადლობას უხდის რევაზს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობის გამო და წარმატებებს უსურვებს შემდგომ კარიერაში,” – ვკითხულობთ წერილში.
როგორც ირაკლი ბერიძემ აღნიშნა, შუქურას მთავარი მწვრთნელის გაშვების ოფიციალურ მიზეზებად სულ სხვა საკითხებია დასახელებული. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ორი გახლავთ: რევაზ გოცირიძის გათავისუფლების წერილში ერთ-ერთ მიზეზად აღნიშნული არის იმ პუნქტის დარღვევა, რომლითაც დასაქმებული ვალდებულია, არ მიიღოს არაფერი მესამე პირიდან მატჩის შედეგების ფალსიფიცირების მიზნით. გათავისუფლების კიდევ ერთ საფუძვლად დამსაქმებელმა დაასახელა კონტრაქტის პუნქტი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულმა არ უნდა მისცეს ისეთი ინტერვიუ, რომელიც შელახავს კლუბის რეპუტაციას.
შუქურადან გაშვების თემაზე ევროპოპთან კომენტარი თავად რევაზ გოცირიძემაც გააკეთა.
“გათავისუფლების ბრძანება ელექტრონულ ფოსტაზე 17 იანვარს მომივიდა. კლუბიდან გაშვების მიზეზად სრულად აბსურდული, შეურაცხმყოფელი და წარმოუდგენელი მიზეზები იყო დასახელებული. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი იურისტები იმუშავებენ. პირველ რიგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს მივმართავ. მიმაჩნია, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ვარ გათავისუფლებული და ამას დავამტკიცებ კიდეც.
რევაზ გოცირიძე
კლუბში პრობლემები გარკვეული პერიოდის მანძილზე არსებობდა. 3 თვის ხელფასები და ეროვნულ ლიგაში გადასვლის კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსი გვაქვს ასაღები, თუმცა ჩვენ, სამწვრთნელო შტაბმა, ფეხბურთელებმა, შუქურას პერსონალმა ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ერთ ადამიანსაც ვერ დავასახელებ, რომელიც საკუთარ საქმეს უგულოდ უდგებოდა. ამისთვის მადლობას ჩემს ფეხბურთელებს ვუხდი, ჩემს სტაფს, მთელ პერსონალს, ყოფილ დირექტორ ირაკლი ბერიძეს, ადმინისტრაციას, რადგან მიზანს ერთობლივი შრომით მივაღწიეთ. ეს გუნდი ერთი დიდი ოჯახი იყო და განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ეს ოჯახი უკვე დაიშალა. მწვრთნელის საქმე ისეთია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გაგიშვან, მაგრამ გულდასაწყვეტი ის არის, რომ ერთად ნაწვალები საქმე წყალში ჩაიყარა.
‘აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი იურისტები იმუშავებენ. პირველ რიგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს მივმართავ’ – რევაზ გოცირიძე
ვარჯიში 9 იანვარს მქონდა დაგეგმილი, თუმცა პრეზიდენტმა მითხრა, რომ ქობულეთში არ წავსულიყავი, ვარჯიში არ დაიწყებოდა და ის გუნდის თბილისში გადაყვანას აპირებდა. აღსანიშნავია, რომ 9 იანვარს შეკრების დაწყების არანაირი პირობა არ გვქონდა, კლუბის პრეზიდენტისაგან ამ პირობების შექმნას ვითხოვდი. განსაკუთრებული მოთხოვნები არ მქონია: სავარჯიშო გარემო გვჭირდებოდა, კვება, საცხოვრებელი ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის. სამწუხაროდ, ეს საკითხებიც ვერ მოგვარდა,” – განაცხადა 41 წლის სპეციალისტმა.
შუქურაში არსებულ ვითარებაზე კომენტარი ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტის მიმართ ორი მოთხოვნა აქვს: “როგორც რიგითი ქობულეთელი და ყოფილი ფეხბურთელი, კლუბის პრეზიდენტს ორი პოზიციით მივმართავ: შუქურამ ქობულეთში უნდა ითამაშოს და ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასები უნდა მიიღონ. შესაძლებელია, გუნდმა თბილისში ან სხვა ნებისმიერ ადგილას ივარჯიშოს, მაგრამ შეხვედრები აუცილებლად აქ უნდა ჩაატაროს. ეს ქალაქის გუნდია, ხალხის, გულშემატკივრის, აქედან თბილისსა თუ ზესტაფონში თამაშებზე ჩასვლას ბევრი ვერ მოახერხებს. კლუბის არსებობა იმიტომ გვინდა, რომ ხალხმა ფეხბურთი ნახოს. შემოსავლის გარეშე ვერავინ იარსებებს – აქ მომუშავე ადამიანები და მოთამაშეები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ.”
მარცხნივ რევაზ ჩელებაძე, მარჯვნივ ირაკლი ბერიძე
“ხელფასები რომ გადასახდელია, ამას ბევრი ფიქრი და ლაპარაკი არ სჭირდება. რაც შეეხება მატჩების ქობულეთში ჩატარებას, გამოსავალი საკმაოდ მარტივია: დაახლოებით 15 000 ლარია საჭირო, რათა სტადიონზე ახალი ბალახი დაითესოს და გასახდელები მოწესრიგდეს. თუ სამუშაოები თებერვალში დაიწყება, მარტში სათამაშოდ შესაბამისი მინდორი იქნება. იქამდე შეიძლება შუქურამ ფოთში ან ბათუმში ითამაშოს, მაგრამ ეროვნული ლიგის დაწყებიდან რამდენიმე ტურის შემდეგ შეხვედრები ქობულეთში უნდა ჩატარდეს. მგონია, რომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა კლუბისთვის ფინანსურადაც მომგებიანი იქნება. მე მეტი სათქმელი არ მაქვს: შუქურამ ქობულეთში უნდა ითამაშოს, ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასები უნდა მიიღონ.” – დასძენს ჩელებაძე.
ქობულეთის შუქურამ 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება მოიგო და 2023 წელს ეროვნულ ლიგაში უნდა ითამაშოს. საქართველოს ჩემპიონატი 25-27 თებერვალს იწყება, გუნდს საწვრთნელი პროცესი ჯერ არ დაუწყია. ჩვენი ინფორმაციით, რევაზ გოცირიძის ნაცვლად შუქურას ხელმძღვანელი გუნდში უჩა სოსიაშვილის დანიშვნას განიხილავს.